პოლიტიკა
ევროპარლამენტარებს შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდეს - კახა კუჭავა

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ევროპარლამენტარების კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ევროპარლამენტარებს შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდეს. მან საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდებასთან დაკავშირებით დასმული საკითხების საპასუხოდ ისაუბრა.

სამწუხაროდ, ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისი დრო არ მაქვს. ზოგიერთი კითხვა ეხებოდა საკითხებს, რომლებიც აქ გაჟღერდა და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მოგაწოდეს. მოხარული ვიქნები, გაგიზიაროთ არა მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება, არამედ წარმოგიდგინოთ მტკიცებულებებიც.

პირველ რიგში, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წარმოგვიდგინეს რამდენიმე ვერსია, თუ როგორ ჩატარდებოდა 2020 წლის არჩევნები. სამწუხაროდ, ისინი არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული. ჯერი ჩვენი ვერსიის წარდგენაზე მიდგა, ახლა ჩვენ მათ პასუხს ველოდებით. კონსენსუსი ნიშნავს, რომ ორივე მხარე რამეზე უნდა შეთანხმდეს, ჩვენ მივაწოდეთ მათ საუკეთესო ვერსია გარდამავალი პერიოდისთვის, 2024 წლის სრულად პროპორციული სისტემით არჩევნებისთვის. კენჭისყრაზე რაც ჩავარდა, ეს არის თარიღის ცვლილება. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კონსტიტუციურ ცვლილებებში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლისთვის“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ აღნიშნული საკითხს ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს, ასევე არ არის სიმართლე.

სიმართლეა, რომ ქართველი ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის პარლამენტის წევრი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, წარმოგიდგინოთ მოვლენების განვითარების ქრონიკა, როდესაც მოგვიანებით ოპოზიციური ლიდერები ცდილობდნენ ეთქვათ და ეიძულებინათ ყველა, თავს დასხმოდნენ პარლამენტის შენობას, ხელი შეეშალათ პარლამენტის მუშაობისთვის. ეს არ არის დამალული და მონაჭორი, არსებობს ამის მტკიცებულებები და ფაქტები. დროში შეზღუდული ვარ, მრავალი რამ ითქვა და ბევრის გაზიარება მინდა თქვენთვის, მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დავჯდე თქვენთან ერთად და გესაუბროთ, წარმოგიდგინოთ მეტი მტკიცებულება, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არ არის ჩვენი პოზიცია, ეს დაფუძნებულია ფაქტებზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა.