საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. რესპუბლიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესში დოკუმენტების განხილვა და მოწმეების დაკითხვა დაბლოკეს.
სენატში გამართული კენჭისყრის შედეგად, რესპუბლიკელებმა არ დაუჭირეს მხარი დემოკრატების ინიციატივას, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, პენტაგონიდან და საბიუჯეტო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტების განხილვას ითხოვდნენ.
ტრამპის ოპონენტები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სენატში მოწმის სტატუსით ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი დაეკითხათ, თუმცა რესპუბლიკელებმა ეს წინადადებაც დაბლოკეს.
სენატში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 21 იანვარს დაიწყო. დემოკრატები ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გზით პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები აკონტროლებენ და ამიტომ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება პრაქტიკულად გამორიცხულია.
1tv.ge