აქტუალური
კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობა საპატიმროებში - ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ომბუდსმენის ანგარიშის პასუხად ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს.

21 იანვარს სახალხო დამცველმა პარლამენტში სპეციალური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ციხეებში სუბკულტურის არსებობაზე მიუთითებდა. ლომჯარიას საპასუხოდ გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის ანგარიშები "ციხეებიდან თანამშრომლების მოტანილ ამბებზეა" აგებული.

"ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ ოთხჯერ: მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, შემდეგ მოინახულა მეშვიდე დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი, გახსნამდე, აგვისტოში ის ეწვია მეცხრე დაწესებულებას ბატონ გიორგი მამალაძეს, ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მოინახულა მირზა სუბელიანი. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანებისა და პატიმრების მონახულების რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ქალბატონმა ნინომ მოინახულა გიორგი მამალაძე... მე ვფიქრობ, როცა პატიმარი ითხოვს დაჟინებით პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში უნდა დადიოდეს, ან რომც არ ითხოვდეს პატიმარი, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, იაროს ციხეში", — თქვა თეა წულუკიანმა სხდომაზე.

მან, ასევე აღნიშნა ისიც, რომ ომბუდსმენის მოადგილე "სუპერაქტიურია" და სახალხო დამცველის აპარატის ბევრი თანამშრომელი ხშირად დადის პატიმრების საჭიროების შესასწავლად ციხეში.

ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელია ასახული, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.

ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური, თუმცა მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი, მასიური არ არის, მაგრამ არის პრობლემა. ასეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც სხვათაშორის დახეული ჯინსი აცვია და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენ თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთშიო და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ პატიმრებს ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის, „კაპიუშონის“, არ ვაძლევთ და ბასკური ბერეტით შეიძლება მიხვდე, მაგრამ ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში“,- განაცხადა წულუკიანმა.