აქტუალური
თბილისში ლავროვის ვიზიტის შანსი მინიმალურია

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. 15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმსაპინძლებს, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. ამ შეხვედრის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი კრიტიკით შეხვდა, თუმცა რუსული მედია წერს, რომ ლავროვის თბილისში ვიზიტის შანსები მცირეა.

გამოცემა „კომერსანტის" ცნობით, ლავროვის მაისის მეორე ნახევრის სამუშაო გრაფიკი ჯერ დეტალურად გაწერილი არ არის და ნაადრევია იმის თქმა, აპირებს თუ არა იგი საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა შეხვედრაზე ჩასვლას.

„კომერსანტს" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განუცხადეს, რომ ამჟამად მაისის პირველ ნახევარში II მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიან ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომელსაც დიდი რაოდენობით საერთაშორისო დელეგაციები დაესწრებიან და რუსული დიპლომატიის ყურადღება ამ მოვლენებზეა კონცენტრირებული.

ამავდროულად, „კომერსანტი" რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სერგეი ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია.

„კომერსანტი" თბილისში არსებულ მის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროსაბჭოს სამდივნომ საქართველოს ხელისუფლებისგან გარანტიები მოსთხოვა, რომ თბილისში მინისტრების შეხვედრაზე „რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიურპრიზები" არ წარმოიქმნას.

საერთაშორისო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა სერგეი ლავროვი არ ჩამოვიდეს, რადგან რუსეთის ხელისუფლება გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებს.

მისი ჩამოსვლა საქართველოს იმიჯს დააზარალებს, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებელია. რომ ეს ვიზიტი არ გაიმართოს. თუ ამხანაგი ლავროვი საქართველოში არ ჩამოვა, ჩემი აზრით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ნაკლებად დაზარალდება.

შესაძლებელია კიდეც რომ არ ჩამოვიდეს. ისინი გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებენ, რუსეთშიც ამის შესაძლებლობა არსებობს და ძალიან კარგია, თუ არ ჩამოვა, იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში კვლავ დაძაბულობა შეიქმნება და მგონია, რომ ეს არავის არ აწყობს", - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში არ ჩამოვა, ბოლომდე დამაჯერებელი არაა.

ეს ინფორმაცია ბოლომდე არაა დამაჯერებელი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულწილად საფუძველი მაქვს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას დავეფუძნო", - განაცხადა ჩიტაძემ.