პოლიტიკა
საქინფორმი: NDI-ის კვლევები სწორია მხოლოდ ერთ გრაფაში, საქართველო ნამდვილად არასწორი - ევროატლანტიკური მიმართულებით ვითარდება

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24 პროცენტის აზრით, არ იცვლება.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“.

P.S. ამერიკული ინსტიტუტის ე. წ. კვლევებში არის მხოლოდ ერთი გრაფა, რომელიც რეალურ ვითარებასთან ახლოა. ყველა კვლევაში, რომელიც საქართველოში NDI-მ ჩაატარა, აღნიშნულია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. და ეს მართალია, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ვითარდება ნატოსა და ევროკავშირში შესვლის კურსით, თუკი, რა თქმა უნდა, მსგავსი მისწრაფება შეიძლება - განვითარებად, ხოლო საქართველო - დამოუკიდებლად ჩაითვალოს...