დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა იწურება და უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ვერ გაამართლა იმედები, რომლებსაც მასზე ამყარებდნენ. მსგავსი ვითარებაა დღეს საქართველოში, სადაც იმედგაცრუებული არიან სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნებით“, რომელმაც არ შეასრულა სამი ძირითადი დაპირება: მშიერთა დაპურება, დამნაშავეთა დასჯა და რუსეთთან დამეგობრება.
სიხარული, რომ ტრამპი და ბიძინა ივანიშვილი არიან ბიზნესმენები და მილიარდერები და არა პოლიტიკოსები, შესაბამისად, უფრო მეტი თავისუფლება აქვთ მიიღონ თამამი, არასტანდარტული გადაწყვეტილებები თავიანთი ქვეყნების სასარგებლოდ, აშკარად გაზვიადებული აღმოჩნდა. შოუმენ ტრამპის არაორდინალური საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც ფილანტროპი ივანიშვილის არაორდინალური საკადრო პოლიტიკა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, და ამომრჩევლის მხრიდან ნდობის დაკარგვა, შესაბამისად, რეიტინგის ვარდნა გამოიწვია.
არადა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე აშშ-ში დღეთა თანაბარი რაოდენობა დარჩა და იმის იმედი, რომ ივანიშვილი და ტრამპი ოქტომბრამდე სიტუაციის რადიკალურად შეცვლას შეძლებენ, ვერ გვექნება. ერთი და იგივე მაღალჩინოსანი სპიკერების შემხედვარეს, რომლებიც ”ქართული ოცნების” სახელით მოსაწყენ განცხადებებს აკეთებენ, გესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის მზად საგარეო პოლიტიკური ბუფონადა რეალ-პოლიტიკით შეცვალოს, ხოლო გარისკავს თუ არა ივანიშვილი არჩევნებამდე თვისობრივად ახალი გუნდის შექმნას, მასში მხოლოდ რამდენიმე იმედისმომცემი სახელმწიფო ჩინოვნიკის შენარჩუნებით, უცნობია.
ასევე არ არსებობს საიმედო წინაპირობები საიმისოდ, რომ აშშ თავს დააღწევს იმ "შტოპორიდან", სადაც ტრამპის გამოისობით აღმოჩნდა, რადგან "ხომალდის ეკიპაჟი" დაუმორჩილებლობას უცხადებს. "პირველი და მეორე მფრინავი" - სახელმწიფო მდივანი და პენტაგონის შეფი - არ ენდობიან "კაპიტან" ტრამპს, დილეტანტად და უჯიათად მიიჩნევენ, ამიტომაც უხალისოდ ასრულებენ ან განზრახ აზვიადებენ მის არათანმიმდევრულ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, რომელთა შესახებაც პირველად Twitter- იდან იგებენ. ასე ხდება აშშ-ს ტრანსფორმირება მსოფლიო ჟანდარმიდან - მსოფლიო კლოუნად!
რა საჭირო იყო, მითხარით ერთი, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების გამოცხადება, რუსეთის დიპმისიისთვის შენობის წართმევა და რუსული მედიის შევიწროება აშშ-ში, თანაც, არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომლებიც ტრამპმა მოიგო მხოლოდ სლოგანის: ”რუსეთთან მეგობრობა კარგია, პუტინი - მაგარი კაცია“-ს წყალობით? მხოლოდ იმისთვის, რომ თავი ემართლებინა ჰილარისა და დემოკრატების წინაშე - აქაოდა, თქვენზე მაგარი ანტირუსი ვარ და კრემლს არ დავუნიშნივარ რუს ჰაკერებთან ერთად?! სულმოკლეობა და ზესახელმწიფოს ლიდერისთვის უღირსი საქციელია!
ან იქნებ. როგორც ეს ოფიციალურ ვერსიაშია, სანქციები ნაკარნახევია "ახალი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით“? იმ უკრაინის, რომლის შეიარაღებაც ტრამპმა დღეს შეწყვიტა, მოითხოვა რა მისი ამჟამინდელი პრეზიდენტისგან ჯერ მიეწოდებინა პრეზიდენტ იანუკოვიჩის კანონიერი ხელისუფლების დამხობაში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თანამონაწილეობის მტკიცებულება?! გამოდის, უკრაინამ დაკარგა ტერიტორიული მთლიანობა „ევრომაიდანის“ გამო, რომელიც ჯო ბაიდენმა მოაწყო, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა, სანამ ის ტრამპის მთავარი მეტოქე არ გახდა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში?!
ისევ უხეირო ნაცოდვილარი - სახელმწიფო მდივანმა და სხვა "ეკიპაჟის წევრებმა" ზელენსკისთან ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა უზრუნველყეს და ის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტზე ზეწოლად გაასაღეს! "ანგარიშიც" გათანაბრდა: თუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი მონაწილეობდა სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების უკანონო შეცვლაში (იანუკოვიჩისა უკრაინაში), მაშინ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ტრამპმა ზეწოლა მოახდინა და დააშანტაჟა იმავე სახელმწიფოს პრეზიდენტი (ზელენსკი, უკრაიმის)!
გააცნობიერა თუ არა ტრამპმა, რომ ძალის უპირატესობაზე აგებული ამერიკული იმპერიის მართვა გაცილებით რთულია, ვიდრე საკუთარი ბიზნეს-იმპერიის მართვა, სატელევიზიო შოუსა და სილამაზის კონკურსების მოწყობა, რაც მას მშვენივრად გამოსდიოდა? ”არ ამიიღო იარაღი, თუ სროლისთვის მზად არ ხარ!” - ჯიქურ მიწოლა, ხოლო სერიოზული წინააღმდეგობის გადაწყდომისას უკან დახევა და შერიგების შეთავაზება ყოველთვის წამგებიანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენს ზურგს უკან ისეთი ქვეყანა დგას, როგორიც აშშ! ასე მოხდა ჩრდილოეთ კორეასთან, რომელსაც დღეს ტრამპი მოლაპარაკებების განახლებას სთხოვს და უხარია, რომ კიმმა მას საახალწლო საჩუქრად თავისი ერთ-ერთი რაკეტა არ გაუგზავნა; ასე იყო სირიის შემთხვევაშიც, რომლის დატოვებაც მოუხდათ ისე, რომ კანონიერი ხელისუფლება ვერ დაამხეს და უსარგებლო ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად მილიარდობით დოლარი ჩამოწერეს; ასე მოხდა ირანთანაც, რომლის ორ სარაკეტო იერიშს ტრამპმა არ უპასუხა და დღეს ზეიმობს იმის გამო, რომ ამერიკულ სამხედრო ბაზებს მხოლოდ უმნიშვნელო ზიანი მიადგა! ასევე ვერ განხორციელდა "არაბული გაზაფხული" ირანში - 84-მილიონიან ქვეყანაში შეუდარებლად ნაკლები გამყიდველი კოლაბორაციონისტი აღმოჩნდა, ვიდრე 2-მილიონიან საქართველოში ...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 16 იანვარი
საქართველო, თბილისი