ოთხი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ყველა პოლიტიკურ პარტიას, გააგრძელონ ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში მუშაობა, რათა „დროულად შეთანხმდნენ“ იმ საკითხებზე, რომლებიც „უზრუნველყოფენ ყველასათვის მისაღებ საარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას“.
დიალოგის პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს „კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული“ და არ ხელმძღვანელობდეს „ვიწრო პარტიული ინტერესით“, – ნათქვამია 25 მარტს გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ ნოემბრიდან დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესს.
მიმართვის ავტორები პოლიტიკურ ძალებს ურჩევენ, გამოკვეთონ ის ძირითადი პრინციპული საკითხები, რომელთა ირგვლივაც უნდა შეთანხმდეს პოზიციები, რათა მიღებული გადაწყვეტილებები დროულად აისახოს საარჩევნო კოდექსში და შესაძლებელი გახდეს არჩევნებისათვის სათანადო მომზადება.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ ოთხი ფუნდამენტური მიმართულების გადაწყვეტას, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები; საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება; წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო დავები.