უცხოეთი
ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის სანაცვლოდ, ვაშინგტონი კომპენსაციას მოითხოვს

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის სანაცვლოდ, ვაშინგტონი კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, თუ აშშ იძულებული გახდება ერაყიდან სამხედრო კონტიგენტი გაიყვანოს, მაშინ ბაღდადს, ერაყში სამხედრო ბაზებისა და საელჩოების მშენებლობაში აშშ-ის მიერ დახარჯული თანხების ანაზღაურება მოუწევს.

„თუ ჩვენ გავალთ, მაშინ მათ მოუწევთ გადახდა. მათ მოუწევთ გადახდა საელჩოებისთვის, ასაფრენი ბილიკებისთვის და მოუწევთ იმ სახსრების ანაზღაურება, რომელიც დავხარჯეთ“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ამჟამად აშშ-ში საბანკო ანგარიშებზე არის 35 მილიარდი დოლარი, რომელიც ერაყს ეკუთვნის. მისივე თქმით, თუ ბაღდადი კომპენსაციის გადახდაზე უარს იტყვის, ეს აქტივები აშშ-ს დარჩება.

ამასთან, ტრამპის თქმით, ერაყის მთავრობა საჯაროდ აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროების გაყვანა სურს, თუმცა პირად საუბარში ამ მოთხოვნას არ აყენებს.

1tv.ge