აქტუალური
აშშ-ერაყის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ირანის მიერ ერაყში, აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასი 5 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

კერძოდ, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - ერთი ბარელი West Texas Intermediate (WTI)-ის ნავთობის ფასი 4.7% პროცენტით (2.95), 65.65 დოლარამდე გაიზარდა.

თავდასხმებმა გავლენა იქონია სხვა აქტივებზეც, მაგალითად, ერთი უნცია ოქროს ფასმა 1,600 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს ღამით ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.