პუბლიკაციები
დიმიტრი მედოევი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გაათავისუფლა

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გაათავისუფლა.

„სამწუხაროდ, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პირველსავე წუთებიდან, გვესმის მხოლოდ „გამათავისუფლებელთა არმიის“ მხრიდან შთამბეჭდავი პათოსი - პოლიტიკოსების, მემარჯვენეების, მემარცხენეების, რომლებიც ურცხვად ახდენენ საკუთარი თავის რეკლამირებას, როგორც მაშველი-მშვიდობისმყოფელებისა“, - განაცხადა მედოევმა, რომლის კომენტარსაც სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

მისი თქმით, „სრულიად ცხადია, რომ პოპულისტური ფონის მიუხედავად მან თავად მოაწერა ხელი თხოვნას შეწყალებაზე“ „სახელმწიფო მეთაურის“ სახელზე და სასამართლო სხდომისას ბოდიში მოიხადა გამიზნული ქმედებისთვის, „რესპუბლიკის“ ხელისუფლებას კი მადლობა გადაუხადა ჰუმანური და პატივისცემით მოქცევისთვის.

„გულწრფელად გვჯერა, რომ „გამათავისუფლებელთა გუნდი“ თანდათან გადავა ახალი წლის აღნიშვნაზე, ხოლო საქართველოს მოქალაქე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც გააცნობიერებს, რომ ნებით თუ უნებლიედ გახდა პროვოკაციის იარაღი ცნობილი ძალების ხელში და არა მხოლოდ თავის ქვეყანაში - მომავალში აღარ დათანხმდება მსგავსი სახის ქმედებას. მთლიანობაში კი, მოცემულმა ვითარებამ ქართულ საზოგადოებას უჩვენა, რომ მათ გვერდით იმყოფება სრულფასოვანი სახელმწიფო, ხელისუფლების ყველა ატრიბუტით, მათ შორის, კარგად დაცული სახელმწიფო საზღვრით და რომ სამხრეთ ოსეთს არანაირი „კურატორები“ არ მართავენ. ეს კარგი მაგალითია სამომავლოდ“ - აცხადებს მედოევი.

interpressnews.ge