სამართალი
ოკუპაციის პრობლემის საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან გათანაბრება არ შეიძლება - თინა ბოკუჩავა

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. უპირველესი პრობლემა, რომელიც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს უქმნის არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება ნებისმიერ სხვა, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეგობრულად განწყობილ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არც მეგობრულად და არც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია.

უპირველესი და სტრატეგიული პრობლემა, რომელიც ქვეყანას უქმნის სერიოზულ საფრთხეს არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება, თუ ღიად ქვეყნის მოღალატე მოქალაქე არ ხარ, ნებისმიერ სხვა პრობლემასთან, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეგობრულად განწყობილ ქვეყანასთან, როგორიც არის აზერბაიჯანი. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება პოლიტიკურ ფორმატში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არც მეგობრულად განწყობილ და არც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია.

განსაკუთრებით ამის რესურსი არ გააჩნია ე.წ. პრეზიდენტს, რომელიც არის ბუტაფორია და საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა. ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ის ეკარება, აფუჭებს, სკანდალად აქცევს და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ვერ მოუწოდებს ვერც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, როგორი კრიტიკა უნდა გააჟღერონ მათ.

ივანიშვილის წარმოსახვაშია, რომ მას შეუძლია, წინასწარ დაწეროს და განსაზღვროს, ვის როგორი კრიტიკა უნდა ჰქონდეს, მათ შორის განსაზღვროს ოპოზიციის რიტორიკა“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბოლომდე უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო და ეს მოითხოვს, ჩვენი საზღვრები იყოს ჯერ გარკვეული, შემდგომ დაცული“.

ამასთან, უცხოეთიდან წამოსულ კრიტიკაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ამაში უჩვეულო არაფერია, თუმცა საჭიროა ბალანსი.