რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავი

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი. როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას (რამდენიმე წლის წინ თუ გნებავთ) და ამ ხნის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის და პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობისას, როდესაც ერი საჭიროებდა სწორებას. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება მეტად ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ესეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი გახარია

დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი უწმინდესის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელს. 42 წლის წინ როდესაც ამ ტაძარში, სვეტიცხოველში მოხდა ინტრონიზაცია პატრიარქისა, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსთავრობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული.

ჩვენ შეუძლებელია სრულად შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ქეყნის წინაშე, შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი საგანმანათლებლო მიმართულებით და, რაც მთავარია, შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით მე ვულოცავ მას ამ დიდებულ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და ბევრი, ბევრი ხანი, ბევრი, ბევრი წლები კიდევ მწყემსოს ჩვენი საქართველო. მადლობა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი არჩილ თალაკვაძე

გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღეს. პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა, ვულოცავ ჩვენს უწმინდესს და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს და მეც როგორც ერთი მოქალაქე, ერთი შვილი ჩვენი დიდი ოჯახის, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის.

ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, იყო რწმენაში დაბრუნება, იყო ბევრი ნუგეში, იყო ჩვენი თანამოქალაქეების შემოერთება და მათი გაძლიერება საზღვარგარეთ. იყო ქართული ჭეშმარიტი ტრადიციების გაძლიერება, იყო საგალობლების აღდგენა და მისი გამოყენება ეკლესია-ტაძრებში და ბევრი სხვა საქმე რასაც ჩვენს ენაზე, ჩვენს მადლიან ქართულ ენაზე ჰქვია ღვაწლი. სწორედ კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ამ მრავალწლიანი ღვაწლით არის ჩვენს წინაშე და მე მინდა თავმდაბლად მას მივულოცო და ვუსურვო დღეგრძელობა.

იყო წლები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ინგრეოდა. ინგრეოდა, ის რაც წლების განმავლობაში ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა. იყო ძმათაშორის დაპირისპირება, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანასაც მიეცა ახალი იმედი და რწმენა, დაიწყო სახელმწიფომ ხიდების შენება, დაიწყო სახელმწიფომ გზების შენება და პატრიარქიც აშენებდა ხიდებს, ოღონდ ადამიანებს შორის, პატრიარქიც აშენებდა გზებს, ოღონდ ჩვენს შორის. პატრიარქი აშენებდა ჩვენს ქვეყანას და მინდა, რომ ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. გილოცავთ ყველას და დღეგრძელობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს!

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! დიდო მეუფეო და მოწყალეო მამავ!

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების ორმოცდამეორე წლისთავს აღნიშნავს. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე.

თქვენი ინტრონიზაცია ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. აღსაყდრების შემდეგ ამ წმინდა ტაძრის ამბიონიდან თქვენ ისტორიული სიტყვა წარმოთქვით, სადაც აღნიშნეთ, რომ ქედს იხრით საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს თქვენი ძალა და გონება; ასევე ბრძანეთ, რომ თქვენი მომავალი საქმიანობა ვრცელი და მრავალმხრივი უნდა იყოს. დღეს ჩვენ სიხარულითა და მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ ორმოცდა ორი წლის განმავლობაში თქვენ განუხრელად ასრულებთ ამ აღნათქვამს, ვინაიდან ჭეშმარიტად სასოებით აღსავსე და მრავალმხრივია თქვენი დაუღალავი მსახურება.

რთულია თქვენი ღვაწლის ჯეროვნად შეფასება. თქვენ გითქვამთ, რომ პატრიარქის მსახურება მუდმივი მოწამეობაა, მაგრამ უფალმა სული წმინდის მადლიც უხვად გიბოძათ და გაამრავლა თქვენი შრომის ნაყოფი, სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა: “ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის” (2 კორ. 9, 6). თქვენ ურთულეს პერიოდში მოგიწიათ საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება. საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის პირობებში საეკლესიო ცხოვრების ყველა სფერო მოიშალა. ყველაფერი აღსადგენი და ასაშენებელი იყო. სწორედ ამ წლებში მოჰმადლა უფალმა საქართველოს თქვენი მამათმთავრობა, როგორც ეკლესიის აღმშენებელი და ბრძენი საჭეთმპყობელი; ჩვენ მოწმენი ვართ იმ ხილული სასწაულისა, რომ თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის დაუღალავი ღვაწლით, ღვთის შეწევნით, ჩვენი ერის უფლისაკენ შემობრუნება და სულიერი აღმავლობა დაიწყო; როგორც ნათქვამია წმინდა წერილში, “სიტყვა იგი ღმრთისა” თანდათან “აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა” (საქ. 12, 24). შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობის პერიოდში გზანდიოზული ცვლილებები მოხდა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. თქვენი მზრუნველობის შედეგად დიდად გაიზარდა ეპარქიებისა და მღვდელმთავრების რიცხვი, მათ შორის – საზღვარგარეთ დაარსებული ეპარქიებისა, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე თქვენი ზრუნვის გამოვლინებაა; გამრავლდა სამღვდელო და სამონაზვნო დასი, შესაძლებელი გახდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, აიგო წმინდა სამების დიდებული საკათედრო ტაძარი, აშენდა და აღდგა ეკლესია-მონასტრები, წმინდანად შეირაცხა მრავალი საეკლესიო მოღვაწე. სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა, რისი დასტურიც არის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმება, ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება და მრავალი სხვა. განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საგანმანათლებლო და მისიონერულ სფეროებში. ამ მხრივ აღსანიშნავია სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გახსნა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის დაარსება, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება, შესანიშნავი საგალობლების შექმნა, შვიდგზის ლოცვების დაწესება და სხვ. ვრცლად შეიძლება საუბარი თქვენს მამობრივ მზრუნველობაზე სხვადასხვა სფეროს მიმართ, მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ქართული გალობის აღორძინებაზე, საგამომცემლო საქმეზე, სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, შვილგარდაცვლილ დედებზე, თუ სოციალურ მსახურებაზე, ახალგაზრდებზე და დემოგრაფიულ საკითხებზე.

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი მიღწევებისა, რომელთა შესახებ ორმოცდა ორი წლის წინ ფიქრიც კი შეუძლებელი იყო; მაგრამ თქვენ, მუდამ გახსოვდათ რა პეტრე მოციქულის სიტყვები: “ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი” (1 პეტ. 5, 5), ყოველ წარმატებას უფლის წყალობას მიაწერდით და ამიტომაც შეგაძლებინათ უფალმა ყოველივე ამის აღსრულება, თქვენი თანამოღვაწე სასულიერო და საერო პირთა შემწეობით.

დღესაც არანაკლებ რთული და შფოთით აღსავსე დროა და კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას მორწმუნე ერი. ბოროტი ძალა ცდილობს ახალი კერპებითა და ყალბი იდეალებით ჭეშმარიტი ღმერთის ჩანაცვლებას, ეკლესიის სახელის გატეხვასა და დასუსტებას. ამ მიზნის მისაღწევად ყოველგვარ ცილისწამებას მიმართავენ და ეკლესიის გზააბნეულ შვილებსაც იყენებენ. მაგრამ როგორც ისტორია გვასწავლის, ვერანაირი დევნა-შეურაცხყოფა ვერ ამარცხებს ეკლესიას, თუ იგი საღმრთო გადმოცემისა და უფალ იესო ქრისტეს სწავლების ერთგული რჩება. სწორედ ამიტომ თქვენი მზრუნველობის საგანი მუდამ არის მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლებისა და კანონიკური მოწყობის უმწიკვლოდ შენახვა, რათა ვითარცა მწყემსმა კეთილმა დაიცვათ თქვენდამი რწმუნებული სულიერი სამწყსო მტაცებელ მგელთაგან, რომლებიც ლამობენ წარიტაცონ და განაბნიონ ქრისტეს ცხოვარნი (ინ. 10, 12).

ყოველივე ამის გამო თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ ქართველი ხალხის ნდობა და სიყვარული, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე – დიდი ავტორიტეტი.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს, ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისთვის. თქვენი განვლილი ცხოვრების გზა და დიდი სულიერება შთაგონების წყაროა ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისა და მოწაფეებისთვის, რათა ღვაწლმოსილი მწყემსმთავრის მაგალითზე ჩვენც კეთილად აღვასრულოთ ჩვენი საეკლესიო მსახურება.

ვუერთდებით რა მილიონობით ადამიანის მილოცვას, შვილებრივი სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრების დღეს. გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საცხოვნებელად თქვენდამი მინდობილი სამწყსოსი.

ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! ამინ!                                                                                                  

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩვენთან არს ღმერთი!

თქვენო აღმატებულებავ ბატონო ბიძინა, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქრისტესმიერ საყვარელო დანო და ძმანო, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე და ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას.

მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე.

ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის.

ჩვენთან არს ღმერთი!