უცხოეთი
რუსეთმა და უკრაინამ ბუნებრივი აირის ტრანზიტზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთმა და უკრაინამ 2020 წლის 1 იანვრიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა ბერლინში. გერმანიისა და ევროკავშირის შუამავლობით გამართული შეხვედრა, სააგენტო dpa-ის თანახმად, 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის თანახმად, მხარეებმა მოამზადეს მომავალი შეთანხმების დეტალური პროტოკოლი. „ვედომოსტი“ იუწყება, რომ ინფორმაცია პროტოკოლის შესახებ დაადასტურა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსეი ორჟელმაც.

მაროშ შევჩოვიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ მიღწეულ შეთანხმებებზე 20 დეკემბერს კიევსა და მოსკოვში იმსჯელებენ. მან გამოთქვა იმედი, რომ ახალი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაფორმდება. სწორედ ამ დროისთვის ეწურება ვადა მოქმედ 10 წლიან ხელშეკრულებას რუსეთსა და უკრაინას შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ.

radiotavisupleba.ge