უცხოეთი
„გაზპრომ–სომხეთის“ ხელმძღვანელი: მილსადენს საქართველოში კაპიტალური რემონტი სჭირდება

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. რემონტის საკითხზე უახლოეს მომავალში საქართველო-სომხეთის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ

კომპანია „გაზპრომ–სომხეთის" გენერალური დირექტორი გრანტ თადევოსიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში გამავალ მილსადენს, რომლის მეშვეობითაც სომხეთს გაზი მიეწოდება, სერიოზული რემონტი სჭირდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

თადევოსიანის განცხადებით, კომპანიის საინვეტიციო პროგრამამ 2020-2024 წლებში 60,8 მილიარდი დრამი (დაახლოებით 130 მილიონი დოლარი) შეადგინა. ამჯერად, წინა წლებისგან განსხვავებით, ძირითადი ყურადღება დაეთმობა არა გამანაწილებელ ქსელს, არამედ გაზის სატრანსპორტო მაგისტრალებს 700 და 1000 მმ დიამეტრით.

„გასულ წლებში გამანაწილებელი ქსელი ძალიან კარგ მდგომარეობამდე მივიყვანეთ. აქ დანაკარგი 1,5-2%-ს არ აღემატება. მაგისტრალური მილები კი ძალიან გაცვეთილია. ბევრი უკვე 40-45 წელია რემონტის გარეშე გვემსახურება. ამის გამო გაზის სერიოზული დანაკარგია", – აღნიშნა თადევოსიანმა.

ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთია დაახლოებით 15 კილომეტრი სიგრძის სასაზღვრო მილი საქართველოდან სომხეთში. ის გაზის ორ სადგურს აერთებს საქართველოსა და სომხეთის მხარეს.

„სომხურ მხარეს, 2,7 კმ მონაკვეთზე უკვე ჩავატარეთ რიგი სამუშაოები. ქართული მონაკვეთი დიდი ხანია არ გარემონტებულა, ამიტომ იქ გაზის საგრძნობი გაჟონვაა", – განაცხადა თადევოსიანმა.

უახლოეს მომავალში კომპანია სომხეთის მთავრობას თხოვნით მიმართავს, რომ ეს საკითხი საქართველო-სომხეთის სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომაზე დააყენოს.

ამასთან, თადევოსიანის თქმით, გაცვეთილია არა მხოლოდ ეს მილი, არამედ გაზის მაგისტრალი მთლიანად. ამიტომ ამჟამად მაგისტრალში წნევა მნიშვნელოვნად არის შემცირებული (55 ატმოსფეროს ნაცვლად მხოლოდ 25-მდე). ხოლო გაზის გადაქაჩვა სრული წნევით რომ განხორციელდეს, არის ავარიის საფრთხე.

კალაძე „გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია>>

„ამიტომ ამ მილების კაპიტალური რემონტი გვინდა ჩავატაროთ. ეს გაზრდის უსაფრთხოებას და შეამცირებს გაზის გაჟონვას", – განაცხადა მან.

sputnik-georgia.com