პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრებს ექსტრემალურ რეალითი შოუში მონაწილეობას სთავაზობს

ministrebi„ქრისტიან-დემოკრატები“ მინისტრებს რეალითი შოუს მოწყობას სთავაზობენ. როგორც დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან დღევანდელი საპარლამენტო დებატების დროს განაცხადა, კარგი იქნება, თუ მინისტრები რეალითი შოუს მოაწყობენ, რათა გაიგონ, ჰყოფნით თუ არა პენსიონერებს 100 ლარი.

„მოვაწყოთ რეალითი შოუ, შევარჩიოთ მთავრობაში ექსტრიმის მოყვარული 10 მინისტრი და მოვათავსოთ დახურულ სივრცეში. მივცეთ მათ 100 ლარი და ვნახოთ, რამდენ დღეს გასტანენ“, – ასეთია ვეფხვაძის წინადადება მინისტრების მიმართ.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „მსგავსი შოუ საინტერესო სანახაობა იქნება, განსაკუთრებით, იმ პენსიონერებისთვის, რომელთაც მთელი თვის განმავლობაში თავის გატანა 80 ლარად უწევთ“.

საპარლამენტო ოპოზიციის ამ ინიციატივას მინისტრების მხრიდან გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია. არადა, საზოგადოებისთვის, ალბათ, ძალზე საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე მთავრობის წევრები და თუ შეუძლია რომელიმე მათგანს მსგავს შოუში მონაწილეობის მიღება.