პოლიტიკა
ჰანსიორგ ჰაბერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ

Haberსაქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ასევე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საკუთარი მოსაზრებები დიპლომატისთვის უჩვეულო პირდაპირობით წარმოადგინა ახლახან თბილისში ჩატარებულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე გამოსვლისას.

ჰაბერმა, რომელიც საქართველოში პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარის იმ სხდომაზე ისაუბრა, სადაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი განიხილებოდა. მასთან ერთად მომხსენებლები იყვნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.

„მოსკოვმა, რომლის პოლიტიკა თბილისის მიმართ „შემოქმედებითობას“ მოკლებულია, საქართველოზე გავლენის დიდი ნაწილი დაკარგა და ახლა „ვერ გარკვეულა, როგორ აღიდგინოს ეს გავლენა“, ხოლო თბილისის მოსკოვისადმი პოლიტიკა „საკმაოდ ცალმხრივი“ და „მრავალგანზომილებიანობას“ მოკლებულია“, – განაცხადა ჰანსიორგ ჰაბერმა.

„რუსეთთან კონფლიქტზე საუბრისას მომიწევს, გავცდე ჩემი [თანამდებობის] მანდატით დადგენილ საზღვრებს და ამას სიამოვნებით გავაკეთებ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემ მიერ ნათქვამი იქნება ჩემი პირადი მოსაზრება დაფუძნებული იმ გამოცდილებაზე, რომელიც მე ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში შევიძინე“, – განუცხადა აუდიტორიას ჰაბერმა გამოსვლის დაწყებისთანავე.

ჰაბერი საქართველოში ამ მისიას 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსების პირველივე დღიდან ხელმძღვანელობს.

შემდეგ ევროპელმა დიპლომატმა მოკლედ მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია, დაწყებული გეორგიევსის ტრაქტატიდან, რის შემდეგაც განაცხადა: „ნათელია, რომ ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და, ასევე, სენტიმენტალური მიზეზების გამო ამიერკავკასიაში საქართველო კვლავ დიდ ჯილდოს წარმოადგენს რუსეთისთვის“. მისი თქმით, საქართველო რუსეთისთვის ამ რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანზე უფრო მნიშვნელოვანია.

ჰაბერის განცხადებით, საქართველოში მისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ „რუსეთს უყვარს საქართველო, მაგრამ არა ქართული სახელმწიფოებრიობა“. ეს ნათქვამი „სავსებით გასაგებია“, – აღნიშნა მან.

ჰაბერმა გაიხსენა, რომ მის დიპლომატიურ კარიერაში საქართველოსთან პირველად შეხება 1996 წელს მოუხდა, როდესაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაეროს მისიებში გერმანიის მონაწილეობას კურირებდა. მაშინ გერმანიას საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ჰქონდა გაეროს დამკვირვებელთა მისიაში (UNOMIG).

მისი თქმით, თბილისიდან მიღებული დიპლომატიური ტელეგრამები „ყველაზე რთული იყო“ და ჯერ კიდევ მაშინ ესმოდა მისი კოლეგებისგან, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს საკუთარ ორბიტაზე დასაბრუნებლად იყენებდა.

„რა თქმა უნდა, რუსეთი იყენებდა ამ ორ დე ფაქტო წარმონაქმნს, რათა საქართველოზე გავლენის ბერკეტები ჰქონოდა. თუ ეს ასე იყო, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის აღიარების შემდეგ სურათი შეიცვალა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ აღიარების გადაწყვეტილება მწვავე დავის საგანი იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ისტებლიშმენტში“, – განაცხადა ჰაბერმა.

მისი თქმით, ორი რეგიონის აღიარებით რუსეთმა დაკარგა ის ბერკეტი, რომელსაც იყენებდა და საქართველოს „აშანტაჟებდა, რათა ის საკუთარ „ახლო სამეზობლოში“ დაებრუნებინა“.

ვფიქრობ, რუსეთმა საქართველოზე გავლენის დიდი ნაწილი დაკარგა“, – განაცხადა ჰაბერმა.

მისი თქმით, 2008 წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა დაიწყო, ოფიციალური პირები თბილისში მას ეუბნებოდნენ, რომ რუსეთს აგვისტოს ომის დროს სამი მიზანი ამოძრავებდა: დაემხო პრეზიდენტი სააკაშვილი; ძირი გამოეთხარა საქართველოს ენერგო-სატრანზიტო ფუნქციისთვის და სამუდამოდ შეეშალა ხელი საქართველოს ნატოში გაწევრებისთვის.

„რაც შეეხება ამ უკანასკნელს [ნატოში გაწევრებას] – ეს თქვენთვის მომინდვია, განსაზღვროთ, თუ რა ეტაპზეა ამჟამად საქართველო; ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის ჩამოგდებას და სამხრეთკავკასიური ენერგოდერეფნით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას – ეს საშიშროება საკმაოდ შემცირდა ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში“, – განაცხადა ჰაბერმა.

„თამაში, რომელსაც რუსეთი ახლა თამაშობს“ ჟენევის მოლაპარაკებებზე, არის მცდელობა, საკუთარი თავი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ შუამავლად წარმოაჩინოს. რაც, ჰაბერის თქმით, „აბსურდია“. მისივე სიტყვებით,

რუსეთმა კვლავ დაიწყო მოთხოვნის წამოყენება, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულება სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმოს.

რუსეთი ამ ხელშეკრულების დადებას ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ითხოვდა; შარშან, როგორც კომპრომისული ვარიანტი, მოსკოვმა შესთავაზა თბილისს, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ცალმხრივი დეკლარაცია გაეკეთებინა. 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასეთი დეკლარაცია გააკეთა, თუმცა ამის შემდეგ რუსეთი კვლავ თავდაპირველ მოთხოვნას დაუბრუნდა და თბილისისგან სოხუმსა და ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა; თავად მოსკოვი, იმ მიზეზით, რომ საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს, ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს ამბობს.

„რას აკეთებენ რუსები? ახლა ჟენევაში, მაგალითად, მათ განაახლეს მოთხოვნა, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე წერილობითი გარანტია წარმოადგინოს, დამატებით იმ გარანტიისა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შარშან ნოემბერში ევროპარლამენტში წარადგინა და ისინი ამას უკავშირებენ მოთხოვნას, რომ რუსეთი ძალის გამოუყენებლობის ერთ-ერთი გარანტორი გახდეს, რადგან ისინი თავს არ მიიჩნევენ კონფლიქტის მხარედ. ეს აშკარა აბსურდია, მაგრამ ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ რუსები ვერ გარკვეულან, როგორ აღადგინონ თავიანთი ზეგავლენა საქართველოზე“, – განაცხადა ჰაბერმა.

„მათ კონტაქტები აქვთ ქართულ ოპოზიციასთანაც, რაც სავსებით გასაგებია და მთლიანობაში ლეგიტიმურიც არის; ყველა ქვეყანა აკეთებს ამგვარ რამეს“, – დასძინა მან.
„ასე რომ, რუსებთან ჟენევის მოლაპარაკებებისა და მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსებმა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იციან, როგორ აღადგინონ გავლენა საქართველოზე და გარანტორის როლის მინიჭების მოთხოვნით ცდილობენ ინიციატივის აღებას; თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა ჰაბერმა.

ამგვარად, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ამ ეტაპზე არცთუ ძალიან შემოქმედებითია“, – დასძინა მან.
იმავე გამოსვლაში ჰაბერმა საქართველოს მიდგომებზეც ისაუბრა და მას ცალმხრივი“ უწოდა.

მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ასევე, არ არის მრავალგანზომილებიანი და ის საკმაოდ ცალმხრივია“, – განაცხადა მან.

„ძირითადად, ის შემოიფარგლება საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებით, რათა განუწყვეტლად წარმოაჩინოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობა, რასაც, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვემხრობით და ამიტომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დამატებითი დადასტურებები უკვე კლებადი უკუგების კანონის გამოვლენისკენ იხრება“, – განაცხადა ჰაბერმა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთთან კონტაქტზე პირდაპირი გასვლის ნაცვლად, თავის ამერიკელ და ევროპელ პატრნიორებს იყენებს, მათსავე ბერკეტებთან ერთად.

ჰაბერის განცხადებით, საქართველოს ზოგიერთი მოთხოვნა რუსეთთან მიმართებაში არ უწყობს ხელს თბილისის მიზანს – მიაღწიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციას.

ამის მაგალითად მან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით საქართველოს მოთხოვნა მოიყვანა, სადაც თბილისი რუსეთის გაწევრებაზე თანხმობის სანაცვლოდ, საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთების გამჭირვალობას და იქ არსებულ ვაჭრობაზე საკუთარი კონტროლის დამყარებას ითხოვს.

„სამართლებრივად, ეს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური მოთხოვნაა“, – განაცხადა ჰაბერმა, თუმცა იქვე დასძინა: „ეს მოთხოვნა კიდეც რომ შესრულდეს, ამით რა შეიცვლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში?“

„მე ვერ ვხედავ, რომ ამან რაიმე წვლილი შეიტანოს ამ ეროვნული მიზნის შესრულების საქმეში“, – განაცხადა ჰაბერმა.

„ამგვარად, საკითხავია, საქართველოს დიპლომატიური ბრძოლების მოგება სურს, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, თუ სურს რეინტეგრაცია?“ – დასძინა მან.

მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი კანდელაკმა, რომელიც პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, უპასუხა, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლის მოთხოვნით თბილისი ცდილობს, საკითხს „პოლიტიკური დინამიზმი“ შესძინოს, რაც, კანდელაკის თქმით, საბოლოო მიზანს, ანუ რეინტეგრაციის პროცესს წაადგება.

ჰაბერმა თავის გამოსვლაში, ასევე, განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ დაიწყებენ ფიქრს, „რომ მოხდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება ისე, თითქოს რუსეთი არ არსებობს, და რუსეთთან ურთიერთობები კი ისე, თითქოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არსებობს... წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ კიდევ უფრო მეტ ბერკეტს აძლევთ რუსებს, რაც აშკარაა, არ გსურთ“.

ევროპელმა დიპლომატმა გამოსვლაში ის დაპირისპირებაც ახსენა, რომელიც გარკვეულ საკითხზე იჩენს ხოლმე თავს მოსკოვსა და სოხუმს შორის, ასევე, მოსკოვსა და ცხინვალს შორის.

„ჩვენ ამას ტექნიკურ დონეზეც კი ვგრძნობთ, როდესაც მათ ადმინისტრაციულ საზღვართან ვხვდებით... ხანდახან მათ გამოსდით ამ დაპირისპირებების დამალვა, ხან – ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ჰაბერმა.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მოსკოვის სრულ მარიონეტებად განხილვა ამ ორ რეგიონს კიდევ უფრო უბიძგებს რუსეთისკენ და არ უწყობს ხელს რეინტეგრაციის ამოცანის შესრულებას.

მან იმ „აშკარა განსხვავებებზეც“ ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებობს და განაცხადა: „სამხრეთოსური დიპლომატია – ეს არის გაბრაზებული, მგზნებარე, გადაჭარბებისკენ მიდრეკილი, მაგრამ ისინი მაინც უფრო ახლოს არიან საქართველოსთან. აფხაზეთი განსხვავებულია – უფრო ზომიერები არიან... მაგრამ ისინი საქართველოსთან მიმართებაში უფრო ცივები არიან“.

მისი თქმით, სოხუმსა და ცხინვალს თბილისის მხრიდან მკაფიო და ძლიერი ნიშანი სჭირდებათ, რათა რუსეთთან მათი ამჟამინდელი ურთიერთობების ალტერნატივა სერიოზულად განიხილონ.

„ამ მიმართულებით საქართველომ ბევრი რამ გააკეთა“, – განაცხადა ჰაბერმა და დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ამ მხრივ პირველი ნაბიჯი იყო, ხოლო მის სამოქმედო გეგმას „ჰქონდა პოტენციალი, განვითარებულიყო ნამდვილ ქმედით პროგრამად“.

„ამჟამად მე და ბევრ სხვა დამკვირვებელს გვაქვს განცდა, რომ ჩვენ ვერ დავაღწიეთ თავი ამ კონფლიქტს და წინ – მისი მოგვარებისკენ ვერ მივიწევთ, რაც, ჩვენი აზრით, მდგომარეობს [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] რეინტეგრაციაში ან, სულ ცოტა, ამ ორი რეგიონის საქართველოსთან დაახლოებაში, რასაც ჩვენ ყველანი ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ჰაბერმა.