სამართალი
არჩილ თალაკვაძე თინა ბოკუჩავას და სერგო რატიანს - ქუჩაში იყვირეთ რამდენიც გსურთ!

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ისინი ხელს უშლიდნენ სხდომის ჩატარებას და შესაბამისად გავაძევე ბიუროს ოთახიდან. ვის ეშინია თქვენი ყვირილის ან თქვენი ეპატაჟების? ქუჩაში იყვირეთ რამდენიც გსურთ, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში და თქვენ ყოველთვის გაგაძევებენ ყველანაირი ცივილიზებული ფორმატიდან, როდესაც ასე მოიქცევით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომიდან სერგო რატიანის და თინა ბოკუჩავას გასვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლები პატიმრების უფლებებით სპეკულირებენ და მათ პატიმრებზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვთ.

ეს ის ხალხია, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება პატიმრების უფლებებზე საუბრის არ გააჩნიათ. ეს ხალხი წლების განმავლობაში დახუჭული თვალებით და დუმილი ხვდებოდნენ ადამიანების წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ადამიანები წელიწადში 340 -ზე მეტი ადამიანის საპატიმროებში გარდაცვალებას ხვდებოდნენ დუმილით.

დღეს მოდიან და აქ ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე. პატიმრების მონახულების და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს. დღეს ეს არის ჩემი უფლებამოსილება, რომ მივცე ან არ მივცე დეპუტატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება.

იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებმა გამოაცხადეს ბოიკოტი და მონაწილეობდნენ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, თანაპარტიელებთან ერთად აცხადებდნენ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიდნენ და ითხოვდნენ საპარლამენტო პრივილეგიის გამოყენებას. გაუგებარია, თუ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, ბოქლომს ადებენ კარს, აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ პარალელურად ითხოვენ საპარლამენტო პრივილეგიების და უფლებამოსილების გამოყენებას. ასე ნაწილ-ნაწილ ბოიკოტი ამ პარლამენტს არ გაუგია აქამდე. ან აცხადებ, ან არ აცხადებ, დროა ჩამოყალიბდეთ მეგობრებო. ოპოზიციას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ. პარლამენტი საქმიანობას გააგრძელებს და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, პატიმრების მონიტორინგის შესაძლებლობა 24- საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. პატიმრების მონახულების უფლება აქვს ომბუდსმენს და ადვოკატებს.