სამართალი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანიმ და კლოდ კერნმა წუხილი და იმედგაცრუება გამოთქვეს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნაზე საქარველოს პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციების საწინააღმდეგოა.

სექტემბერში ჩვენი ვიზიტის დროს ჩვენ გამოვხატეთ სერიოზული შეშფოთება გაუმჭვირვალობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის არასრულყოფილ პროცესთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, გამოხატეთ მოლოდინი, რომ პარლამენტი გამოასწორებდა შერჩევის პროცესში არსებულ ნაკლებს, მათ შორის, მოსამართლეების მინიმალური რაოდენობის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს სათანადო მუშაობის უზრუნველყოფისთვის, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა.

ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო მიზეზის გარეშე დანიშნა და როგორც ცნობილია, მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციისთვის აუცილებელია“, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლების განცხადებაში.

განცხადებაში თანადამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მიღებული იყოს დაუყოვნებელი ზომები სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნდობისთვის.

არსებული სიტუაციის განმეორების თავიდან არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მათ შორის ერთიანი კრიტერიუმის გამოყენება, დასაბუთებული გადაწყვეტილებები და ფარული კენჭისყრის გაუქმება, ოპერატიულად იქნას მიღებული არა მხოლოდ კანდიდატების შერჩევისთვის, არამედ მთლიანად, სასამართლო სისტემაში არსებულ დანიშვნებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ კორლატეანი და კერნი.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრებიან.