აქტუალური
საქართველომ და უკრაინამ სტრატეგიული საბჭო შექმნეს

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კიევში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სტრატეგიული საბჭო ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვა-უსაფრთხოებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. თითოეულ მიმართულებას ორი ქვეყნის შესაბამისი მინისტრები უხელმძღვანელებენ.

გახარიამ და ზელენსკიმ აღნიშნეს, რომ მსგავსი შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორი სახელმწიფოს მზადყოფნას, ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანონ.

გახარია უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით 12 დეკემბერს გაემგზავრა. მან მონაწილეობა მიიღო სუამის სამიტში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა რამდენიმე სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს.

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ამ დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა 105 ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებას.