პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე - "საქართველოს გზა ევროპაში", რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილმა ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“, მონაწილეებს სიტყვით მიმართა (ვიდეო იხ აქ).

ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, რომლის ინიციატორიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.

მოგესალმებით, ყველას – ახალგაზრდებს, ჩემს თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს! შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ!

მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს. შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა, სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით!

დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა! რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა?!

ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია; ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა.

ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ ვბრუნდებით.

საქართველო – ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია.

ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს.

საქართველო ხომ ღვინის და დიდი ალბათობით, ხორბლის სამშობლოცაა, რადგან სწორედ ჩვენ დაგვარქვა პირველმა ევროპულმა ცივილიზაციამ, საბერძნეთმა – “გეორგია”, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა; სწორედ ქართველურ ტომს, ხალიბებს უკავშირდება პირველი რკინის წარმოება; სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა იასონი ოქროს საწმისის, ანუ ქართველთა საკრალური ცოდნის წასაღებად და არსად სხვაგან.

ჩვენში „ლეკვი ლომისა“ მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად.

ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი. აქ, ჩვენს მიწაზე, “კოლხეთის აკადემიის” ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონალური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია.

შემდგომში ისტორიულმა ქარტეხილებმა სამწუხაროდ მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების შენარჩუნება.

და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი – “სიტყვის კონით” კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში.

მიისწრაფვოდა არა იმიტომ სულხან-საბა, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება.

სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი – ვაჟა-ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას, ზვიადაურის დატირების უფლება.

სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში.

ჩვენი სამშობლო – ესაა ევროპული კულტურა. თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც – ქვევრი ღვინისგან, – ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო – ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ.

საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში.

მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა! მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია – ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში! მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია.

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა – ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში.

სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად.

იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს – მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს; იყო ქართველი – ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა-ფშაველას; ამიტომ, ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ ტკივილი ვერ მოგვერევა და ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს. რადგან საქართველო უკვდავია! უკვდავია მისი კულტურა, მისი დაუდგრომელი სული, რომელიც მუდამ ისწრაფვოდა და ისწრაფვის თავისი ევროპული ოჯახისკენ.

და დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება, როდესაც, ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით – რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით.

სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას; სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება;

სწორედ ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა!

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით – ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ.

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ზომიერებაა – თავისუფლების და პასუხისმგებლობის იდეალური ბალანსი, იდეალური კვეთა. სამწუხაროდ, ევროპულ სივრცეში დაბრუნება დაბალი ნიშნულიდან იმიტომაც გვიწვეს, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თავისუფლების სურნელთ გაბრუებულებმა, პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავაცნობიერეთ და პრაქტიკულად დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;

ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო – სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.

მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, “ქართული ოცნება” ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.

ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი, მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“

დაბოლოს, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“. სწორედ ესაა ჩვენი გზა, ესაა ილიას გზა, ესაა ევროპული გზა.

ამ ვარსკვლავს მივყვებით ჩვენ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში „გზა ხსნისა“ განათლებაზე გადის.

ამიტომ მივეცით ჩვენს თავს უფლება, ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, მის განათლებაში ჩაგვედო.

ბევრი ჩვენზე ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა ვერ გაბედავდა, ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაეხარჯა.

ჩვენ კი ეს გავბედეთ და გავაკეთეთ. განათლების უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც წელს ჩეყარა საფუძველი, ერთდროულად არის ჩვენი ქვეყნის შვიდწლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გვირგვინიც და ამბიციური განაცხადიც ჩვენს გარდაუვალ, სამომავლო წარმატებებზე!

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე! ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე, გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ სამშობლოს, გაუმარჯოს საქართველოს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.