აქტუალური
საქართველოდან სომხეთში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირება მიმდინარეობს

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ამჟამად მიმდინარეობს 400-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ხაზის დაპროექტება საქართველოსა და სომხეთს შორის, განაცხადა პრესკონფერენციაზე სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

მისი თქმით, სომხეთი განაგრძობს რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანის ელექტროენერგეტიკული დერეფნის თავისი მონაკვეთების მშენებლობას. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ირანიდან სომხეთში 2020 წელს დაასრულებენ.

მაშინ სომხეთი შეძლებს გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტორი არა მხოლოდ საქართველოსა და ირანისთვის, არამედ ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებისთვის, კერძოდ, რუსეთისთვის", – განაცხადა პაპიკიანმა.

ოთხმხრივ შეთანხმებას ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ხელი რუსეთის, სომხეთისა და ირანის ენერგეტიკის მინისტრებმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ 2016 წლის აპრილში ერევანში მოაწერეს. სომხური მონაკვეთის აშენების შემდეგ ამ ქვეყნებს შორის ამოქმედდება უწყვეტი ენერგეტიკული დერეფანი (არანაკლებ 400 კილოვოლტის ძაბვით). ამგვარად, დერეფნის გამტარუნარიანობა მინიმუმ სამჯერ გაიზრდება.