აქტუალური
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მანდატი დატოვა

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა ცნობად მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადება დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქაცარავა მეცხრე მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით მოხვდა. ის იმ 17 დეპუტატის რიცხვში შედის, რომლებმაც წელს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ქაცარავა, მისი ბევრი სხვა კოლეგის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ წავიდა.

იმის გამო, რომ ქაცარავა პარლამენტში პარტიული სიით არის შესული, შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო არ გახდება. მას ჩაანაცვლებს ერთ-ერთი მათგანი, ვინც 2016 წელს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ვერ მოხვდა.

ამ ზაფხულს საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეთა ზეწოლის შედეგად პირობა დადო, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. თუმცა ცვლილებების მიღება მაჟორიტარი დეპუტატების მოულოდნელი პროტესტის გამო ვერ მოხერხდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ტყუილში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. პროტესტის ნიშნად მმართველი პარტიის 12-მა დეპუტატმა წასვლის შესახებ განაცხადეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ ვერ შეძლეს მაჟორიტარების დარწმუნება და აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდება კვლავ ძველებურად: 73 დეპუტატს აირჩევენ მაჟორიტარულ ოლქებში, ხოლო 77-ს - პარტიული სიებით (პროპორციული სისტემით).

ქაცარავამ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენათა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

1997-2004 წლებში ქაცარავა გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი იყო.

2005 წლიდან 2016 წლამდე იყო დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური მდივანი, პროექტების მენეჯერი და საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

2016 წელს ქაცარავა „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების მრჩეველი იყო, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე პარლამენტში მოხვდა.

ექს-დეპუტატი ბრიტანული იმპერიის საპატიო ორდენის მფლობელია.