საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ”ოსები ჩვენი ძმები არიან, რომლებთანაც რუსმა ოკუპანტებმა წაგვაჩხუბეს!” - ამ სიცრუეს უნერგავს ხელისუფლება ქართველებს საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ოსები ძმებად რუსებს თვლიან, რომლებმაც ისინი ქართველებისგან “იხსნეს”. თუმცა ახლა სხვა რამეა მნიშვნელოვანი: თუ ოსები ძმები არიან, რომლებსაც უნდა შევურიგდეთ და მეგობრულად ვიცხოვროთ როგორც სსრკ-ს დროს, მაშინ რატომ არ მივმართავთ მათ პირდაპირ თხოვნით, რომ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი? ნუთუ თბილისიდან ცხინვალამდე უფრო შორია, ვიდრე მოსკოვს, ბრიუსელსა და ვაშინგტონამდე?!
თბილისიდან ცხინვალამდე საჰაერო გზით 90 კილომეტრია, ხოლო ავტოტრასით - 120 კმ: რატომ არ უნდა გაფრინდეს იქ პრემიერი გახარია ვერტმფრენით, ან ავტომანქანით გაემგზავროს და იქიდან ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად დაბრუნდეს? იქნებ ეს რთული დიალოგის დიდი ხნის ნანატრ დასაწყისად იქცეს? ამ კავკასიური კაცური საქციელის ნაცვლად, რატომაა, რომ ჩვენ ათასობით კილომეტრის იქით ჩივილებით მივმართავთ - რუსეთს, ევროკავშირსა და გაეროს?! გამოდის, ჩვენ ირიბად ვაღიარებთ „სამხრეთ ოსეთს“ ცალკეულ სახელმწიფოდ, რაკი სხვა სახელმწიფოებს ვთხოვთ მოელაპარაკონ „ოსეთის ხელისუფლებას“?! თუ ასეა, მაშინ რატომ არ აწერს საქართველო ხელს თავდაუსხმელობის შეთანხემბას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, სად არის ლოგიკა?! ვინ დაგვწყევლა ასე, რომ ბრძოლაც დაგვავიწყდა და მოლაპარაკებაც?!
”ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, მაგრამ, მოგეხსენებათ, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა ...”, - დამწუხრებით პასუხობენ მოსკოვში ქართველ ოფიციალურ პირებს (აბაშიძე) და არაოფიციალურ მოხალისეებს (ბურჯანაძე). და ჩვენც ვიღებთ ამ განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ „სამხრეთ ოსეთიც“ და აფხაზეთიც ვერასოდეს იოტისოდენადაც ვერ გაბედავდენ შეეპასუხონ თავის „კეთილისმყოფელსა და განმათავისუფლებელს" - მოსკოვს! მაშინ აპრიორი რატომ ვიგდებთ თავს დამცირებულ მდგომარეობაში?! როდის აქეთაა გადავეჩვიეთ ოსებსა და აფხაზებთან, ჩვენს ნათესავებსა და მოქალაქეებთან პირდაპირ საუბარს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, და არა მარტო აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე?! და სანამ მოსკოვში მიღებული ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, დღეს რომ სააკაშვილთან ძველი მეგობრობა აღადგინეს, პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს, ცხინვალში, თუ კიდევაც აპირებდნენ გაფრინდაშვილის განთავისუფლებას, ყოველი ჩვენი მორიგი საჩივრის შემდეგ დაახლოებით 10 დღეს კიდევ ამატებენ, რათა არ აჩვენონ, რომ თვინიერად დაემორჩილნენ მოსკოვს, ანდა ეშინიათ ეცროპარლამენტის და გაეროს მოთხოვნების! იგივე მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ თბილისში, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაიგეს "თამაშის წესები"...
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ და როგორც კი მთავრობა მომცემს ნებართვას, მე, დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, გავემგზავრები ცხინვალში და, ჩემი კოლეგა - ჟურნალისტების მეშვეობით, შევეცდები, არაფორმალური დიალოგი დავიწყო ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობასთან გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით და, შესაძლოა, სხვა პრობლემებზეც. რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩემი მისია წარმატებული იქნება, მაგრამ თუ საკანში გაფრინდაშვილის გვერდით აღმოვჩნდები, ძალიან ვთხოვ ყველას თბილისში - არ ჩაერიონ და არ მოსთხოვონ ჩემი გათავისუფლება არც მოსკოვს, არც ბრიუსელს და არც ვაშინგონს!”, - წერს თავის Facebook- გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.