სამართალი
ნარკოტიკისთვის დაკავებული ბერად ზუგდიდის მიტროპოლიტმა აღკვეცა

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ტაბულას ინფორმაციით, ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკ​ავებული გიგა ქავთარაძე ბერად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღკვეცა. ეს მოგვიანებით თავად მეუფე გერასიმემაც დაადასტურა.

გიგა ქავთარაძე, საეკლესიო სახელით სვიმონი, მეუფე გერასიმემ კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ბერად სიმონოპეტრას მონასტერში აღკვეცა. მათ მონაზვნური ცხოვრება ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში უნდა გაეგრძელებინათ.

ფოტოზე ჩანს მიტროპოლიტი გერასიმე ბერად აღკვეცილ სვიმონ ქავთარაძესთან და ​სიმონა-პეტრას მონასტრის იღუმენ ელისესთან ერთად. საეკლესიო სამოსის მიხედვით, ფოტო აღკვეცის რიტუალის შემდეგ, ათონის მთაზე უნდა იყოს გადაღებული.

​საქართველოს საპატრიარქოში ამ ინფორმაციას უარყოფენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ტაბულას თავდაპირველად უთხრა, რომ ქავთარაძე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არ მსახურობს.

მას შემდეგ, რაც მოვიპოვეთ ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ღვთისმსახურების დროს ბერი ქავთარაძე და მიტროპოლიტი გერასიმე ეკლესიაში გვერდიგვერდ დგანან, ანდრია ჯაღმაიძეს კვლავ დავუკავშირდით. ის ტაბულასთან ამბობს, რომ ეს არაფერს ნიშნავს.

"ეს არაფერს ნიშნავს, შეიძლება იერუსალიმის პატრიარქი ჩამოვიდეს და საქართველოს პატრიარქთან ერთად დადგეს ლოცვაზე და ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესიის წევრია. შეიძლება ჩამოსული იყო და კი ბატონო, მსახურებაზე დადგა, მაგრამ ჩვენი ეკლესიის წევრის გარდა, სხვა ეკლესიის სტუმრები რომ ჩამოდიან, დგებიან მსახურებაზე, არავითარი პრობლემა მაგაში არ არის", - ამბობს ჯაღმაიძე.

​საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ მეუფე გერასიმე გიგა ქავთარაძეს ათონის მთაზე ბერად ვერ აღკვეცავდა, რადგან ის არის სხვა ეკლესია. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს ელემენტარულია და სჯობს საერთოდ არ დავსვათ ასეთი შეკითხვა.

"ახლა როგორ გავაკეთოთ, გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. დებს ვიღაცა სხვა ინფორმაციას, რამდენჯერ შეიძლება ვუპასუხოთ. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რაც ჩვენ ვთქვით და ეხლა ათასი ვიღაცა რაღაცას იტყვის, რა გავაკეთოთ", - აღნიშნა მან.

მოგვიანებით, თავად მეუფე გერასიმემ მთავარ არხთან დაადასტურა, რომ გიგა ქავთარაძე ბერად ათონის მთაზე პირადად მან აღკვეცა.

"როდესაც ჩავედი ათონის მთაზე, მონასტრის წარდგინებით მოხდა ეს. ჩათვალეს მათ, რომ უკვე მზად იყო ამისათვის".

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: "თქვენ აღკვეცეთ პირადად?", რაზე სასულიერო პირი პასუხობს: "დიახ, დიახ".

ამ ეტაპზე ბოლომდე შეუძლებელია დადასტურება, ეკუთვნის ბერი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თუ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, რომლის იურისდიქციაშიც არის ათონის მთა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ქავთარაძე საქართველოში დაბრუნდა, მეუფე გერასიმესთან მსახურობდა.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზუგდიდში ორი ადამიანი დააკავეს, თუმცა არ აზუსტებენ, არის თუ არა მათ შორის ბერი. უწყებაში არც იმას ამბობენ, რომელი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ორი ადამიანი და რა რაოდენობის ნარკოტიკია ამოღებული.

დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ ბერი დანაშაულს აღიარებს.

წყარო: tabula.ge