საზოგადოება
რუსული მენტალიტეტის პარტიების რეაბილიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებ - თაკო ჩარკვიანი

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ბურჯანაძის ტიპის რუსეთის ვექტორის პარტიები მუდმივად დაძრწიან სადღაც, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ბურჯანაძის პარტიისთვის ადეკვატურია ქვეყნის დაბეზღება რუსულ ტელევიზიებში.

ბურჯანაძის პარტიისთვის ადეკვატურია ქვეყნის დაბეზღება რუსულ ტელევიზიებში. დიახ, ჩემთვის იყო სიურპრიზი სწორედ ეს ყველაფერი, სხვა ლიდერებმაც არ იცოდნენ, ასევე რამდენიმე ადამიანისთვის იყო სიურპრიზი, რადგან ჩათში მოიწერეს მათ და არ იცოდნენ. შემდეგ ბატონმა პაატა დავითაიამ გააკეთა განმარტება, რომ მე, კოორდინატორმა ვიცოდიო. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ გადაწყვეტილებაში, მე არავისთვის არაფერი მიკითხავს. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ერთმანეთს, ვინ სად დადის, განა ეს სიახლეა ჩემთვის, რომ ბურჯანაძის ტიპის რუსეთის ვექტორის პარტიები მუდმივად დაძრწიან სადღაც, მაგრამ როდესაც ჩვენს სიმწრით გავაკეთეთ ეს ახალი ფორმატი, მუდმივად ვეუბნებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მოგვაშორეთ რუსეთი, ასე გვექცევა გვავიწროებენ. პოლიტიკაში არსებობს დრო, დროის შეგრძნება, ან ეს შენ არ ხარ კარგი პოლიტიკოსი და დროის შეგრძნება არ გაქვს, ან ზუსტად გაქვს დროის შეგრძნება და განზრახ აკეთებ ამ ძალიან ცუდ ვიზიტს, მე უფრო მეორე მგონია. მე მგონია, რომ ეს იყო განზრახ მისი ვიზიტი. მან იმიტაცია შექმნა პუტინთან იმისა, რომ აი ნახე, რაღაც გაერთიანება გაკეთდა და მე იქ ვარ, რადგან ამაში პუტინი კვლავ მისცემს ფულს, ერთი წლის შემდეგ არჩევნების დროს ჩამორეცხავს რუსულ თანხებს. მე რუსული მენტალიტეტის პარტიების რეაბილიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებ, მაგრამ ვრჩები პიკეტირების, პროტესტის მომხრე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

​თაკო ჩარკვიანის თქმით, ის არ ენდობა ნინო ბურჯანაძეს. ამასთან, ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძის ქართული პოლიტიკიდან „წასვლით“ ქვეყანას ზიანი არ მიადგება.

ჩემი ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა ბურჯანაძის პარტიისთვის მიუღებელი, მე კი, აბსოლუტურად მავნებლობად მივიჩნევ მათ ქმედებებს, უკვე მერამდენედ და საერთოდ არ ვენდობი, იქ რომ ზის. თქვენ გჯერათ, რომ რუსეთის ტელევიზიაში ჩვენს ქვეყანას აბეზღებდა და ელემენტარული გეგმა არ ექნება წაღებული, რას აპირებს ოპოზიცია და რას აკეთებს? მე აბსოლუტურად არ ვენდობი მას და ამის მონაწილე არ გავხდები. მკითხეს, ზიანი ხომ არ მიადგება პროცესსო. რუსული ვექტორის, განულებული პარტია საერთოდ რომ გაიწიოს ქართული პოლიტიკიდან, რა ზიანი მიადგება, განა რა სარგებელი მოუტანეს მათ, ამ ტიპის პოლიტიკოსებმა 30 წლის განმავლობაში საქართველოს. ზიანი რომ მოგაყენოს, რაიმე სარგებელი უნდა ქონდეს ჯერ გაკეთებული, მე სარგებელი არ მინახავს მათგან“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 3 დეკემბერს მოსკოვში გაემგზავრა.

ამასთან,„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ იცოდა.