აქტუალური
შუახევის მერიასთან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. შუახევის მერიასთან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მერიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებიც მართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს, სადაც ეწერა „მონა“, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სტიკერები მოხსნეს და აქციის მონაწილეებს ზონდერები უწოდეს.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ითხოვდნენ მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან მიახლოებას. მათი თქმით, დეპუტატმა ხალხის სასარგებლოდ საარჩევნო სისტემაში ცვილებებს მხარი არ დაუჭირა.

აქციაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

ამ დროისთვის, შუახევის მერიასთან სიმშვიდეა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.