პოლიტიკა
თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება - გრიგორი კარასინი

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. რუსულ სახელისუფლებო მედიაში გავრცელდა რუსეთის საბჭოს სენატორის, გრიგორი კარასინის კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. მისი მტკიცებით, ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას შეთანხმდა.

ზურა აბაშიძე არ ადასტურებს, რომ შეთანხმება შედგა. მისი თქმით, მან კარასინისგან მოისმინა, რომ ერთ-ერთ კომერციულ ცენტრს მსგავსი იდეა აქვს და უპასუხა, რომ სიტუაციაში თბილისში ჩასვლისთანავე გაერკვეოდა.

"მე მოვისმინე მოკლე კომენტარი ბატონი კარასინისგან იმის თაობაზე, რომ რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, რომელიც ბოლო ორი წელია გასცემს ვიზებს და ეს გახლავთ კომერციული სტრუქტურა, აპირებს კომერციულ საწყისებზე რუსული ენის ცენტრის გახსნას. ჩემი პასუხი იყო ასეთი, რომ ჩავალ თბილისში და გავერკვევი რაზეა საუბარი. ამაზე მეტი საუბარი ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია", — განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება კარასინს, ის ამბობს, რომ ეს ცენტრი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და იმედს გამოთქვამს, რომ "უკვე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები" რუსეთის მოქალაქეების ჩართულობით მშვიდობიანად ჩაივლის".