უცხოეთი
„ევრონიუსი“ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ სტატიას აქვეყნებს

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. „ევრონიუსი“ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაურია „რატომ სურს ათასობით დემონსტრანტს საქართველოში ვადამდელი არჩევნები?“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემონსტრანტები უკვე ორი კვირაა ახდენენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას. „აქტივისტებს სურთ, რომ 2024 წლისთვის დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ცვლილება ძალაში ოთხი წლით ადრე შევიდეს, რაც ქვეყანას მაჟორიტარული წარმომადგენლობიდან პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადაიყვანს“, – წერს „ევრონიუსის“ ჟურნალისტი.

ავტორი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობს, საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის ცვლილების წინააღმდეგია.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, რომ საპროტესტო აქციები თბილისის გარდა გაიმართა მცხეთაში, ზუგდიდში, ფოთში, თელავსა და ოზურგეთში.

„აქტივისტებმა მუნიციპალური და სამთავრობო შენობების პიკეტირება მოახდინეს. ეს ქმედებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია კანონით, მაგრამ უკანონო პიკეტირების შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიცია ასევე კანონის ფარგლებში იმოქმედებს“,- ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მოყვანილია გერმანიის ქალაქ გისენის უნივერსიტეტის ანალიტიკოსის მოსაზრება, რომელიც ვარაუდობს, რომ აქციები საქართველოში გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.

„ოპოზიციას ძალიან ცოტა აქვს დასაკარგი“, – აცხადებს გერმანელი მკვლევარი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2019 წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა პირველად არ აგორდა და დემონსტრაციები ივნისშიც გაიმართა.

„ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ რესპუბლიკებში, ისეთში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, პოლიტიკა დაყოფილია ევროპასთან დაახლოებისა და რუსეთის მომხრეებს შორის“, – ნათქვამია სტატიაში.

1tv.ge