აქტუალური
მიუწვდომელი კრედიტები საქართველოში

kreditსაქართველოში საბანკო კრედიტები მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მიუწვდომელია. კრედიტების ხელმისაწვდომობის რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“ გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 139 ქვეყნიდან 125-ე ადგილზეა. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობის წევრთა კრიტიკული განცხადებების მიზეზი გახდა.

გურამ ჩახვაძის თქმით, „მეწარმისთვის ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სახელმწიფო მეწარმეთა დახმარებაზე უარს ამბობს, ხოლო კომერციული ბანკები სესხს, ფაქტობრივად, არ გასცემენ“. საბანკო ასოციაციაში აღიარებენ, რომ დღეს ყველაზე ხელმიუწვდომელი აგროსესხებია. ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, თუ კომპანიას კარგი ბიზნესგეგმა აქვს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მისთვის კრედიტიც ხელმისაწვდომია, თუმცა ზურაბ გვასალიას თქმით, აგროსექტორში პრობლემები მართლაც არის და ამ საკითხზე მთავრობა, კომერციული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ერთობლივად მუშაობენ. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კრედიტი ძვირია, თუმცა ეს არის ბანკების მიერ მოზიდული სახსრებისა და არსებული რისკების რეალური ფასი. გვასალია დასძენს, რომ კომერციული ბანკები საკუთარი ინტერესების საზიანოდ ერთბაშად საპროცენტო განაკვეთებს ვერ დააგდებენ, რადგან მათაც ვალდებულებები აქვთ.