სამართალი
რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა ხის კონსტრუქციები მიიტანეს

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ხის კონსტრუქციები მიიტანეს.

მათ კონსტრუქციები საავტომობილო გზაზე განათავსეს. ​რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.