პოლიტიკა
წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას - ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, როზ გოტმიულერმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა ბრიუსელიდან მიიღო.

როგორც გოტმიულერმა აღნიშნა, ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. თქვენ ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი ჩვენ პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს. წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას“, – განაცხადა გოტმიულერმა.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღებიდან 5 წლის შემდეგ საქართველოს შესანიშნავი წარმატება აქვს.

თანამშრომლობის ამ უმთავრესი ინსტრუმენტის განახლებასა და გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რათა SNGP კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმი გავხადოთ როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში. საქართველო ნატო-ში მეტად არის წარმოდგენილი დიალოგის, ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების მეშვეობით, ხოლო ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) სახით. ნატო-ს წევრი ქვეყნის ათეულობით ექსპერტი იმყოფება საქართველოში ან ხშირად სტუმრობს საქართველოს და მუშაობს ისეთ კონკრეტული პროექტებზე, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია და სხვა“, – განაცხადა გოტმიულერმა.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის მაგალითი, თუ როგორ არის შესაძლებელი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რათა განვითარდეს თავდაცვითი შესაძლებლობები.

თქვენ ძალიან კარგად იყენებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც გეხმარებათ საბოლოო გაწევრიანებისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით, მდგრადობისა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებით. ურთიერთთავსებადობა გვეხმარება ავღანეთის მისიაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მესამე მიმართულებაა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად და შეუპოვრად მსახურობენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება თქვენი სამხედროებისა და მთელი ქვეყნის მიერ საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი. ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში იყო ჩემი ბოლო ოფიციალური მივლინება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოქროს საწმისის ორდენის მიღება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. ეს მე მახსენებს საქართველოს საამაყო ისტორიას. ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები გვახსენებენ, რომ საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ საამაყო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ კონფერენციის ფარგლებში და ასევე, ალიანსსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა გოტმიულერმა.