პოლიტიკა
ნატო საერთოდ არ განიხილავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით მეხუთე მუხლის ვალდებულების შეჩერებას - როსარია პუგლისი

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო საერთოდ არ განიხილავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით მეხუთე მუხლის ვალდებულების შეჩერებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა როსარია პუგლისმა ბათუმში განუცხადა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მოწყობა. სწორედ ამ პრინციპებს მოიცავს ჰელსინკის ფინალური აქტი. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თავად რუსეთმა მოაწერა. ჩვენ, ნატო-ში მივიჩნევთ, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელ „კლუბს“ მიეკუთვნებოდეს და რომლისგან დაიჭიროს შორს თავი. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება. თუ შევხედავთ ნატო-ს უკანასკნელ დოკუმენტებს, განცხადებებს, ვნახავთ, რომ მაპ-ი (MAP) ინტეგრაციის პროცესის ნაწილია. ნატო და საქართველო ამაზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და შეიარაღებული ძალების უნარიანობისთვის ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ წინ წარმატებით მივიწევთ“, – აღნიშნა როსარია პუგლისმა.

მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნაა.

ფაქტი, რომ საქართველოს ორი რეგიონი საგარეო ძალების მიერ არის კონტროლირებადი, ბორდერიზაციის პროცესი, ეს ყველაფერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე ძალზე დიდ გავლენას ახდენს. ეს საქართველოს უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევაა. მეორე მხრივ, საქართველო ბევრს აკეთებს. უპირველესად, ყველას ესმის, რომ აღნიშნული სიტუაცია მხოლოდ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებით, დიპლომატიური გზით და დიალოგით უნდა მოგვარდეს. საქართველომ ამისთვის ბევრი იმუშავა. იმისათვის, რომ წარმართოს სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ყველა მხარს უჭერს იმას, რასაც საქართველო უკეთესი მომავლისთვის აკეთებს. ამავდროულად, ჩვენ – ნატო, საქართველოს ვეხმარებით, გახდეს უფრო ძლიერი“, – განაცხადა ნატო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა.

„რა თქმა უნდა, სამართლიანია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ იფიქროს, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ალიანსში გაწევრიანების პროცესი. მინდა აღვნიშნო, რომ ნატო საერთოდ არ განიხილავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით მეხუთე მუხლის ვალდებულების შეჩერებას. ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუყურებთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, ვგულისხმობთ მთელ საქართველოს. მეხუთე მუხლი ნატო-ს მთავარი ელემენტია. სწორედ ამაზეა დამყარებული ალიანსის ფასეულობები“, – განაცხადა როსარია პუგლისმა.