სამართალი
ქართველი მეზღვაურები იტალიელ გემთმფლობელს უჩივიან

georgian-sailorsლიბიაში 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მალტაში გამოპარულმა ქართველმა მეზღვაურებმა იტალიელი გემთმფლობელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მალტის სასამართლოში განცხადება იტალიური მხარის საპასუხო სარჩელის გარეშე იყო წარმოდგენილი. ქართული მხარის ინტერესებს იმ პორტის იურისტი იცავს, სადაც ამ დრომდე გემია შეფარებული. ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი და საქართველოს კონსული. მათი განცხადებით, სასამართლო პროცედურებს შესაძლოა, 2 თვე დასჭირდეს. ქართული მხარე სასამართლოში იტალიელი გემთმფლობელის მიერ 19 თვის სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის ფორმის დადგენას ითხოვს. თუ ტვირთის მეპატრონემ 300 000-ზე მეტი დოლარის ოდენობის თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, გემი აუქციონის წესით გაიყიდება და დავალიანება ამ გზით დაიფარება. ეკიპაჟის ყველა წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომავალი კვირიდან მათი საწვავით, წყლითა და პროდუქტებით უზრუნველყოფაზე უკვე მთლიანად პორტის ხელმძღვანელობა იზრუნებს.