საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე პოლიტიკური ჯგუფის დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურებში პარლამენტში მინისტრების კვირეულის მიმდინარეობის გამო „ქრისტიან-დემოკრატების“ თხოვნას ასახელებენ.
„ჩვენს პარტიას შეხვედრის გადადება არ მოუთხოვია, ეს არასწორი ინფორმაციაა. შეხვედრის გადადება მოდერატორმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა“, – აღნიშნავენ ქდმ-ს პრესსამსახურში, რომლის ინფორმაციით, საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გადაიდო.
რაც შეეხება „პოლიტიკური რვიანის“ სხვა წევრი პარტიების პოზიციებს, „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ. როგორც საქინფორმთან საუბარში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, „ხელისუფლებას არც პასუხი აქვს და არც მოლაპარაკებები ხიბლავს, რის გამოც ხელოვნურად მიჰყავს პროცესი ჩიხისკენ“.
„ინფორმაცია შეხვედრის გადადების შესახებ მოდერატორი ორგანიზაციიდან დღეს დილით მივიღეთ, არადა, IFES-თან ურთიერთობისთვის ორშაბათი დღე გვაქვს. ის, რომ შეხვედრის გადადება „ქრისტიან-დემოკრატების“ ბრალია, ტყუილია. ამის გაყიდვა ამ ფორმით ხელისუფლებას უნდოდა“, – განაცხადა კაციტაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს, 16:00 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ ცენტრალურ ოფისში „პოლიტიკური რვიანის“ სპეციალური ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ოპოზიციონერი წევრები მიმდინარე პროცესს შეაფასებენ და სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.