სამართალი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მამალაძის სავარაუდო შეწყალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ ინფორმაციას, ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა.

უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ „ფეიკნიუსს". ასეთი „ფეიკნიუსები" ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, გიორგობაზე, 23 ნოემბერს შეიწყალებს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყვეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე 31 ოქტომბერს განიხილეს მამალაძის საკითხი და შემდეგი გადაწყვიტეს: დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“.

მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. ამ ეტაპზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის საქმიანობა შეჩერებულია.