აქტუალური
რით არიან დაკავებული საინვესტიციო და თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოების თანამშრომლები

vera_gia2პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გია ცაგარეიშვილი პლენარულ სხდომაზე მიწვეული ეკონომიკის მინისტრისგან იმის განმარტებას მოითხოვდა, თუ "რით არიან დაკავებული მის უწყებაში შემავალი ორი სტრუქტურის - ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები".

"საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციები, ფაქტობრივად, აღარ შემოდის. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, ეს უკვე შორეული წარსულის მოვლენაა. ის, რომ ქვეყანაში კონკურენტული გარემო უნდა არსებობდეს, ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, რომელიც ხელისუფლების მიერ ჯიუტად არ სრულდება", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე გია ცაგარეიშვილმა.

დეპუტატმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ისიც შეახსენა, რომ "მას ამ თანამდებობაზე საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დარჩა და ამ უწყებამ არასრული შვიდი წლის მანძილზე შვიდი მინისტრი გამოიცვალა".

"თქვენი ერთ-ერთი წინამორბედი, ტელეკომპანია "იმედის" ამჟამინდელი მმართველი გიორგი არველაძე დაკავებული იყო იმით, რომ მესაკუთრეებს საკუთრებას ძალით, ნაჩუქრობის ხელშეკრულებების საფუძველზე ართმევდა. იყო დრო, როცა თბილისელ მეწარმეთა დიდი ნაწილი ოცნებობდა, როდის აჩუქებდა სახელმწიფოს კუთვნილ ქონებასა და ტერიტორიებს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მკაფიო პასუხი დეპუტატმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მიიღო. მაგრამ შედეგები სახეზეა!