უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და რეგიონის დესტაბილიზაცია შეწყვიტოს

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსი მიესალმება ზოლოტიდან ჯარების გაყვანის პროცესს. საქმე ეხება შეთანხმებას, რომელიც ლუგანსკის ქალაქ ზოლოტიდან, უკრაინული და ოკუპაციური ძალების გაყვანას გულისხმობს.

„ჩვენ მივესალმებით მცდელობებს, რომელიც მიმართულია დაძაბულობის შემცირებისკენ. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, რადგან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება სისტემატურად ირღვევა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა ასევე კონფლიქტში რუსეთის „განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და შეწყვიტოს რეგიონის დესტაბილიზაცია“.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასის სოფლებიდან, პეტრივსკიდან და ზოლოტიდან ჯარებს გაიწვევდა. აღნიშნულს უკრაინის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი კაპიტულაციას ნიშნავს.

interpressnews.ge