აქტუალური
ყაზბეგში მყინვარწვერის ძირში 20 ტონა ნაგავი შეაგროვეს

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ყაზბეგის ეროვნულ პარკში მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკი და მეტეოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასუფთავების აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით გაიმართა.

მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის. სამინისტროს განმარტებით, ეს მსოფლიოში არსებული პრაქტიკაა, რადგან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.

უწყების ცნობით, დასუფთავების აქციაში ჩართულები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების სამსახური, მცხეთა-მთიანეთის გუბერნია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, სასაზღვრო პოლიცია და მოხალისეთა ჯგუფი.

მინდა ყველას, განსაკუთრებით კი დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს მოვუწოდო, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, ნუ დაანაგვიანებენ ტერიტორიებს. ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა დასუფთავების აქციებში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

მეტეო სადგური (იგივე ბეთლემის ქოხი), რომელიც წარმოადგენს საბაზისო ბანაკს მყინვარწვერზე ასვლის მსურველთათვის, ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს.

ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული, დანარჩენი ტერიტორია კი, ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს.

ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

წყარო: Sputnik-Georgia