საზოგადოება
არასწორია საუბარი იმაზე, თითქოს ქვეყანა ტერიტორიებს ახლა კარგავს - ვახტანგ გომელაური

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელმაც 26 ოქტომბერს ზუგდიდში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება შეაფასა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებსაც, რომლებიც დააკავეს. რაც შეეხება ვითარებას ადგილზე, იქ ნამდვილად არ არის გამწვავებული ვითარება. გაავლებს ხოლმე 100 მეტრზე ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს, ალბათ, კარგად უნდა აიხსნას და მთავრობის ასახსნელიც არის, ალბათ. ეს თემა დაიწყო 2008 წელს. ხელი მოეწერა, რომ ოკუპაციის ხაზს იქით იქნებიან რუსული და ოსური მხარე, აქეთ – იქნება ქართული მხარე. ახლა, სადაც ღობე არ არის გავლებული, გადავდივართ, ვხნავთ ან ვთესავთ, მივდივართ ნათესავებთან? ვერ მივდივართ. სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია.

საოკუპაციო ხაზთან ღობე იქნება ეს თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩვენთვის ერთი და იგივეა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, ოკუპაცია გრძელდება და სამწუხარო ფაქტია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამყოფი ხაზების გავლება.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, გამყოფ ხაზს რომ აკეთებენ, თუმცა ის, რომ დღეს დაკარგა საქართველომ   ტერიტორია – არასწორია. ეს დაიკარგა 2008 წლის ომის შემდეგ. აქ ხელი მოაწერა როგორც ქართულმა მხარემ, ასევე, რუსულმა მხარემ და ასევე ჩართული იყო ევროკავშირი.

ოკუპაცია გრძელდება, ღობის გავლება გრძელდება, დაკარგულია ეს ტერიტორიები. ღობე არ არის გავლებული აფხაზეთის მხარეს და არ გვაქვს დაკარგული აფხაზეთი? ზემო სვანეთში, კოდორის ხეობაში ღობე არაა და დაკარგული არ გვაქვს?” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთ მინისტრის თქმით, ხელისუფლება მუშაობს პრევენციულ ღონისძიებებზე და მთავარი ამოცანა არის ადგილზე სიმშვიდის შენარჩუნება.

ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს სამწუხაროდ საგუშაგო, იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან, ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის კომენატარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.