პუბლიკაციები
კულტურა და ხელოვნება - საქართველოს „რბილი ძალა“

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. თუკი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს პოლიტიკის მიღმა, კულტურისა და ხელოვნების დონეზე განვიხილავთ, სურათი ბევრად უფრო კარგი ჩანს, ვიდრე პოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ ამ მხრივაც ყველაფერი უპრობლემო როდია: გავიხსენოთ ქართული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ „ერისიონის“ გამოსვლა მოსკოვში 2013 წელს - მასმედიის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე მყვირალა „არასამთავრობო ორგანიზაციამ“ ისტერიკა მოაწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით. მაშინ ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ „ერისიონი“ კრემლის დარბაზში გამოვიდა, „ოკუპანტის ბუნაგში“, როგორც ისინი თავიანთ პრიმიტიულ წარმოსახვაში აღიქვამენ მსოფლიოს ერთ-ერთ კულტურულ (და არა მხოლოდ პოლიტიკურ) ცენტრს - მოსკოვის კრემლს. მაგრამ მალე გაირკვა, რომ კრემლი მათი გაღიზიანების პირველმიზეზს არ წარმოადგენს. ქართული ანსამბლების რუსეთში გასტროლების წინააღმდეგ მიმართული კამპანია რუსეთში „ერისიონის“ მოგზაურობის შემდეგაც გაგრძელდა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიკავა მკაფიო პოზიცია და ამან ფრთები შეასხა ქართულ-რუსული კულტურული კავშირების მოწინააღმდეგეებს.

დიახ, სწორედ კულტურული კავშირების, და არა მხოლოდ პოლიტიკურის, მოწინააღმდეგეებს. მყვირალა ვაი-პატრიოტების ამოცანა მდგომარეობს ქართულ-რუსული ურთიერთობებისათვის, როგორც ასეთისთვის, ზიანის მიყენებაში. მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები ორ ქვეყანას შორის მათ არ ჰყოფნით. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დიდი ქართული ფოლკლორული ანსამბლები რუსეთში აღარ ჩადიან, ხოლო ხელოვნების ცალკეული წარმომადგენლები - მომღერლები და არტისტები, რუსეთის ქალაქებში თავიანთი გამოსვლების აფიშირებას ერიდებიან, ხშირად კი ამის გამო თავს იმართლებენ, თითქოს მათ რამე დანაშაული ჩაიდინეს. ხელოვნების მუშაკებს უადგილოდ, მაგრამ მუდმივად ახსენებენ „რუსული ოკუპაციის“ თემას, ნაცვლად იმისა, რომ ეს „ოკუპაცია“ სწორედ კულტურით, ხელოვნებით, ჩვენი ხალხების ნიჭიერი, პატივცემული წარმომადგენლების ჰუმანიტარული ურთიერთობით გადაილახოს.

ვაი-პატრიოტების მოტივი გასაგებია - ისინი მუშაობენ ბინძური ფულის სანაცვლოდ და მათ ამოცანას წარმოადგენს ვნებათაღელვა, ხელოვნების პოლიტიზაცია, ქართველებსა და რუსებს შორის კავშირების გაწყვეტა. განა სხვა რაიმე ხელშესახებ მიზანს ისახავდა თბილისში რუსთაველის გამზირზე მომხდარი ივნის-ივლისის მოვლენები?.. შედეგი - ზარალი ქართულ ეკონომიკას, რომელიც ასეულობით მილიონი დოლარით აღირიცხება...

მაგრამ მაინც გასაკვირია, სადამდე დაეცნენ ვაი-პატრიოტები, როდესაც მათ, კულტურისა და ხელოვნების საკითხებში ბითურებმა, სახელგანთქმული ქართული სტუმარ-მასპინძლობის მიმართაც გამოავლინეს უპატივცემულობა. ამგვარ სამარცხვინო მაგალითად გვევლინება ერთი მუჭა იმბეცილების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, იქ რუსული თეატრის - „ნიკიტრსკიე ვოროტას“ სპექტაკლის წინააღმდეგ. ყველამ იცის, რომ „აქტივისტები“ პოლიტიკურ დავალებას ასრულებდნენ, მაგრამ ხომ არ შეიძლება, საქართველო შეარცხვინო, სტუმრების - ხელოვნების სფეროს წარმომადგენლობის შეურაცხყოფის გზით, რომლებსაც არაფერი საერთო არ გააჩნიათ რუსეთის ხელისუფლებასთან და პოლიტიკასთან! „მე სირცხვილის გრძნობას განვიცდი“ - ასე მიმართა რუსული თეატრის რეჟისორმა მარკ როზოვსკიმ ქუთაისის თეატრის მაყურებლებს, ამასთან დაკავშირებით...

სამაგიეროდ, სასიხარულოა, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, ისინიც კი, ვინც, შესაძლოა, არც თუ ისე კარგად უყურებენ თანამედროვე რუსულ სახელმწიფოს, თანდათან გამოფხიზლდნენ და არ იზიარებენ კულტურისა და ხელოვნების მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას. მეტიც, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან, რომელმაც თავის დროზე სარესტორნო რუსული სიმღერებიც კი აკრძალა, ამჟამინდელი ხელისუფლება ბევრად უფრო ჯანსაღ პოზიციებზე დგას. ძალზე მნიშვნელოვანია ახლახანს დანიშნული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პოზიცია, რომელიც „იმედის“ სატელევიზიო ეთერში გაჟღერდა:

„რუსოფობია ვერ წაგვადგება. ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომელიც რუსეთიდან მოედინება, ხალხში რუსი ერის მიმართ აგრესია არ არის. აგრესია გვაქვს და არ ვეთანხმებით რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

გუშინ, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ჩემი აზრით, ვინაიდან ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა მიიღო თავისი კოლეგის, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი დრამატული დასი, რა დროსაც  ჩვენი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი აქტივისტები მიცვიდნენ და შეეცადნენ, ჩაეშალათ ეს ღონისძიება, ვინაიდან, სტუმრები წარმოადგნენ რუსეთის მოქალაქეებს. ასეთი ფობიები შედეგის მიღწევაში არ წაგვადგება. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი რეაქციები, თუმცა, საქმეს ნამდვილად არ წაადგება. შესაბამისად, თუკი, იმ 9 მლნ ტურისტიდან ნახევარზე ცოტა მეტი იყო რუსულენოვანი სამყაროდან ჩამოსული და ჩვენ მათ გაშლილი ხელით, ღვინით, ჩვენი ტრადიციული სტუმართმასპინძლობით დავხვდით – რატომ უნდა დავხვდეთ აგრესიით ხელოვან ადამიანებს, რომელთაც სპექტაკლი აქვს ჩამოტანილი ქუთაისში?!

ჩვენ უნდა ავირჩიოთ მიმართულებები, რომლებიც ფონს გაგვიყვანს და არა ჩიხში მოგვამწყვდევს. მე ვფიქრობ, რომ ეს ფობიური განცდები და მოქმედებები, რეაქციები, სწორედ ჩიხში შესაყვან მიმართულებებს წარმოდგენს ჩვენ ქვეყნისთვის. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ.“

ბ-ნი ლილუაშვილი ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული თავის პოსტზე და არ ჰქონდა ნათქვამი ეს სიტყვები, როდესაც ოქტომბერში ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სეუ“ უკვე გაემგზავრა რუსეთის სამხრეთის ქალაქებში. ეს ახალგაზრდა, მაგრამ ძალზე პროფესიონალურად დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო ანსამბლი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გამოსული, ევროპისა და აზიის კონტინენტებზე. მოცეკვავეთა ახლანდელმა თაობამ პირველად გადაკვეთა რუსეთის საზღვარი. ისინი ძალზე ღელავდნენ, მაგრამ გასტროლები შესანიშნავად ჩაატარეს, მათ ასახელეს თავიანთი თავიც და საქართველოც. ესენტუკი, ნალჩიკი, სტავროპოლი, კრასნოდარი, სოჭი... მათ ყველგან ხვდებოდნენ გულითადად, რუსმა მაყურებელმა დააფასა ანსამბლის მონდომება და ოსტატობა. მოცეკვავეები მათივე ანსამბლის მუსიკოსების მიერ ორიგინალურად შესრულებული ცოცხალი მუსიკის ფონზე ცეკვავდნენ, კიდევ უფრო ორიგინალური საცეკვაო ქორეოგრაფიით. შეიძლება ითქვას, რომ „სეუს“ წევრებმა ყველაფერი გააკეთეს საქართველოს სასახელოდ და მათ ეს გამოუვიდათ, ხოლო რუსი მაყურებლებისგან მათ ქართული კულტურისადმი დიდი სიყვარული დაინახეს. სტავროპოლის რადიომ მოაწყო ვიქტორინა და ამ ვიქტორინის გამარჯვებულებმა ქართული ანსამბლის კონცერტზე უფასო ბილეთები მიიღეს - შესანიშნავი კრეატივი, რომელმაც სტავროპოლში კონცერტს პოპულარობა შეჰმატა. ადგილობრივმა ტელევიზიამ ასევე მოამზადა სიუჟეტი კონცერტსა და ანსამბლის შემსრულებლებზე.

ქართული ანსამბლის რუსეთში წარმატებული გამოსვლისა და ხელოვნების და კულტურის როლზე ორი ქვეყნის ურთიერთობებში აზრი ვკითხეთ რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსს:

მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: „არ შეიძლება, არ გვახარებდეს საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში, ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ქართულ კულტურას იქ ძალზე აფასებენ, ჩვენ ამას ვხედავთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართულმა ანსამბლებმა თავად უნდა აირჩიონ თავიანთი შემოქმედებითი გზა. კულტურა მოწოდებულია, შექმნას და გაამყაროს მშვიდობა და ურთიერთგაგება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის. მთავრობა ბევრს აკეთებს ქართული ფოლკლორის მხარდასაჭერად, რომელსაც მდიდარი ტრადიციები აქვს; მაგრამ ჩვენ ასევე მივესალმებით, თუკი ესა თუ ის ანსამბლი თავს საკუთარი, კონცერტებიდან მიღებული შემოსავლებით უზრუნველჰყოფს“.

გენადი მარგველაშვილი – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „ასეთ ღონისძიებებს ცალსახად უნდა მივესალმოთ, სწორედ კულტურა და ხელოვნება უნდა ახდენდეს გავლენას პოლიტიკაზე და არა პირიქით. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ჩვენი ქართული იდენტობა გაიგონ და მიიღონ კავკასიის ქედის ჩრდილოეთითაც“.

ზაზა პაპუაშვილი – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის წევრი: „კულტურის მნიშვნელობა უდავოა, მაგრამ კულტურა კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური საკითხები გადაწყდეს მაღალ კულტურულ დონეზე, ასე ვთქვათ. უნდა იწარმოებოდეს მოლაპარაკებები და მხარეები კულტურულად უნდა მოიქცნენ. ამ შემთხვევაში ბევრი რამ დალაგდება. რაც შეეხება კულტურულ გაცვლას საქართველოსა და რუსეთს შორის, იგი პოზიტიურ ფონს შექმნის. საქართველო მსოფლიოში ცნობილია თავისი კულტურით, ფოლკლორით. როგორ შეიძლება ამის გარეშე არსებობა? როგორ შეიძლება, სადავო გავხადოთ ანსამბლების უფლება, გავიდნენ რუსეთში ან ნებისმიერ ქვეყანაში, გასტროლებზე? ეს აბსურდია, ასე რომ, მე მთლიანად ვუჭერ მხარს ასეთ პროექტებს“.

ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის წევრი: „ხელოვნებას არ გააჩნია საზღვრები, მას ვერ გააჩერებს ვერავითარი მავთულხლართები. ამიტომაც ჩვენ თავად უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენი კულტურისა და ხელოვნების, განსაკუთრებით ფოლკლორის, პოპულარიზაციას, რომელიც ასე სახელგანთქმულია აუცხოეთში, განსაკუთრებით - რუსეთში“.

სიმონ ნოზაძე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის წევრი: „ჩვენს რეგიონში ყოველთვის არსებობდა დიდი მოთხოვნა ქართულ კულტურაზე, მაგრამ საჭიროა, მუდმივად გვეჭიროს რენომე. ჩვენი კულტურა საქართველოს „რბილი ძალაა“. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ანსამბლმა შეძლო, კიდევ ერთხელ ეჩვენებინა ქართული ფოლკლორული კულტურის სიდიადე რუსეთის ქალაქებში, რასაც ყველას ვულოცავ კიდეც“.

მასალა მოამზადა ლიზა მახარაშვილმა