საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ იყო გაფრთხილებული, რომ არ დაეერთებინათ გამათბობელი - გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. გურამიშვილის გამზირზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვითარებას გაეცნო.

როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დასრულდება, გამოძიება დაადგენს, მომხდართან დაკავშირებით ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში აფეთქება გამოიწვია, რამაც კორპუსის, რამდენიმე სართულის დაზიანება გამოიწვია, ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა, დაღუპული საბედნიეროდ, არავინ არის, ერთი ადამიანია შედარებით მძიმე, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა. 4 ადამიანია მსუბუქად დაზიანებული, მალე გამოწერენ საავადმყოფოდან. როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ იყო გაფრთხილებული, რომ არ დაერთებინათ, ჩაუჭრეს კიდეც, ექსპერტიზა დაადგენს მიერთება მოახდინა ამ ადამიანმა და ამან გამოიწვია სავარაუდოდ, აფეთქება თუ არა, ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია.

კანონით, ჩვენ კარს ვერ შევუნგრევდით იმ მიზეზით, რომ გადაგვემოწმებინა დააერთა თუ არა, ამის უფლება არ გვაქვს, რომ იძულებით დავათვალიეროთ გამათბობელი თუ გაზქურა. ვერაფერს გეტყვით, ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება“, - განაცხადა გომელაურმა.