სამართალი
სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან სადავო საკითხები არ გვაქვს - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. დავით გარეჯი არის არა სადავო, არამედ ღია საკითხი, რადგან სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ჩვენ სადავო საკითხები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი დაკავშირებულია დელიმიტაცია – დემარკაციასთან და არის უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გადაწყდა.

არ მინდა, სადავო საკითხები დავარქვა ამას, რადგანაც მეზობლებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი, ჩვენ სადავო საკითხები არ გვაქვს. ეს არის ღია საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დელიმიტაცია – დემარკაციასთან. ეს არის ის უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერ გადაწყდა. იცით, რომ შეფერხებული იყო სადელიმიტაციო – სადემარკაციო კომისიის საქმიანობა და ჩვენ განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. კომისიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და უკვე შევუდექით საქმიანობას. ჩატარდა პირველი შეხვედრა ბაქოში. პირველ შეხვედრას მოჰყვა შეხვედრები ექსპერტების დონეზე, იყო პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები ადგილზე გასვლის კუთხით და იქ ადგილზე სიტუაციის შესწავლის თვალსაზრისის მიმართულებით. ორივე მიმართულებით დაახლოებით 66-67% საზღვრის არის შეთანხმებული, ღიად დარჩენილია დაახლოებით 30%. ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხში აუცილებლად განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მთავარია, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან და სტრატეგიული პარტნიორობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა წავიდეთ დეესკალაციისკენ და სიტუაციის მოგვარებისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და მისი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ გვაკავშირებს გეოგრაფია და ისტორია. ისტორია კი არ უნდა იყოს ჩვენი გამყოფი, არამედ უნდა იყოს გამაერთიანებელი. ვიზიარებთ მის ამ პათოსს, მხარს ვუჭერთ და სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო შეთანხმება რაც არსებობს, არის 1996 წელს გაფორმებული შესაბამისი ოქმი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ იმ კომისიის ფარგლებში, რათა იყოს მაქსიმალურად დაცული ჩვენი ინტერესები, საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის დროს ამ თემაზე იყო ძალიან სერიოზული საუბარი. გვაქვს განცდა, რომ არის მზაობა, პოლიტიკური ნება, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რაც იყო დაკეტვამდე და იმ სამწუხარო ინციდენტებამდე, რომელიც მოჰყვა ამ პროცესს. პირველი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით უკვე გადადგმულია და ამის შედეგად მოჰყვა ის, რომ სამღვდელოებისთვის გაიხსნა“, – განაცხადა დავით ზალკალინმა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ, რადგან ნომერ პირველი ამოცანა საქართველოსთვის სტატუს-კვოს აღდგენაა.

პარალელურად, რა თქმა უნდა, კომისიამ უნდა გააგრძელოს კომისიის ფარგლებში არსებულ ყველა თემატიკაზე მსჯელობა. გვაქვს იმის განცდა, რომ უახლოესი კომისიის შეხვედრა უკვე თბილისში გაიმართება. ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან მზაობაა, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს საქართველოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.