საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომლის კანდიდატურასაც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
როგორც ლილუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას საქართველოსთვის.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება, სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის, უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები.
„ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დეფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატები, ვგულისხმობ IPRM-ის ცნობილ ფორმატს და ჟენევის ფორმატს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორების – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთო-ს და გაერო-ს დახმარებით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ადგილზე არსებული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.
„თუმცა აქვე მოგახსენებთ, რომ ეს არ არის ძალიან ეფექტური, ვინაიდან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ და დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმებისა და მუქარის ტონით საუბარი. შედეგად, აღნიშნული ფორმატების ფარგლებში გამართული შეხვედრები მეტწილად არის ნაკლებად შედეგიანი.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლების სამწუხარო საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავებაც საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.
პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავდნენ.