პოლიტიკა
მეთიუ ბრაიზა: საქართველომ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ტერიტორიებზე და რუსეთი იქიდან არასდროს წავა!

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და „რუსეთი იქიდან არასდროს წავა“.

ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამის შესახებ უკრაინულ ტელეარხ „ესპრესოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვფიქრობ, თავდაპირველად მინსკის ფორმატი საშინელი იყო და უკრაინას ის თავს მოახვიეს. მინსკი-2-ის შეთანხმებები ლამის იმაზე უარესი იყო, რისი გადაყლაპვაც საქართველოს აიძულეს, მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზის მონაწილეობით, რადგან მათ ფაქტობრივად დააკანონეს ძალის გამოყენების შესაძლებლობა დონბასის პოლიტიკური სტატუსის ცვლილებისთვის და დააკანონეს რუსეთის უკანონო სამხედრო ქმედებები. თავის დროზე, მაშინდელ მინისტრ შტაინმაიერთან (გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი) მუშაობისას, ვნახე მას და ფრანგებს, ასევე ზოგიერთს ბრიტანელებიდან, გამუდმებით როგორ სურდათ, რომ ქართულ მხარეს დაეთმო რუსეთის ზეწოლისთვის და ამით პრობლემა გადაიჭრებოდა. ვშიშობ, რომ ზუსტად იგივე ხდება ახლა უკრაინასთან მიმართებაშიც“, – განაცხადა ბრაიზამ.

ბრაიზას თქმით, რასაც ახლა რუსეთი უკრაინასთან მიმართებით აკეთებს, იმავე გეგმით ხორციელდება, რაც მანამდე საქართველოში იყო.

ამავე გეგმით მათ გამოიყენეს ძალა, მიიტაცეს მიწები, დე-ფაქტოდ მაშინ მათ თითქმის განახორციელეს სამხრეთ ოსეთის ანექსია, აკონტროლებენ აფხაზეთს, შემდეგ კი სთავაზობენ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკვე ისე მოქმედებს, რომ რუსეთი აგრესორი აღარ არის, პრეზიდენტ სააკაშვილს ასე შესთავაზეს მოეწერა ხელი სეპარატისტებთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთის რეპუტაცია ჩამორეცხილიყო და ევროპელები და დანარჩენი მსოფლიო მოტყუებულიყვნენ, საქართველო კი აგრესორი გამოსულიყო, მაშინ როდესაც ზუსტად რუსეთმა დაიპყრო ისინი. ვშიშობ, სწორედ ეს სცენარი ვითარდება ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში… თუმცა სიტუაცია უიმედო არ არის და ახლოსაც არ არის იმ სირთულესთან, როგორც საქართველოშია. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ვსტუმრობდი, მოვინახულე სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხაზი და ვნახე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბაზა საზღვრის სიახლოვეს და ამ ყველაფერმა მაიძულა მეფიქრა, რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ამ ტერიტორიებზე და რუსეთი იქიდან არასდროს წავა“- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ და აქვე აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები კარგი არ არის, მაგრამ მეტად იმედის მომცემია, ვიდრე საქართველოში იყო.

მისივე თქმით, 2009 წელს ევროკავშირს არ სურდა ერწმუნა, რომ მის მეზობლებთან მიმართებაში რუსეთი შეიძლება ასეთი აგრესორი ყოფილიყო და მის გამართლებას ცდილობდნენ, მზად იყვნენ საქართველოში შექმნილი სიტუაცია კი ეპატიებინათ, ხოლო ყირიმის ანექსიამ და ომმა დონბასში ევროპელები აიძულა გამოფხიზლებულიყვნენ.

წყარო: ru.espreso.tv