პოლიტიკა
საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს - იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სლოვენიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის, მათეი ტონინის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელმაც სტოლტენბერგს ჰკითხა, „როდის ვიხილავთ საქართველოს ნატო-ს სრულუფლებიან წევრად“?

იენს სტოლტენბერგის თქმით, სრულუფლებიანი წევრობის გარდაც, მათ საქართველოსთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა აქვთ. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისა და გაძლიერებისკენ.

„ნატო-ს კარი რჩება ღია. ამას ადასტურებს მონტენეგროს გაწევრიანება. მონტენეგრო ორი წლის წინ გახდა ჩვენი 29-ე წევრი და მალე ჩვენი წევრი გახდება ჩრდილოეთ მაკედონია. ასე რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ალიანსის კარი რჩება ღია. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ ნატო-ს სხვადასხვა სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების, გაძლიერებისკენ, რათა მათ ნატო-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. ასე რომ, ეს არის საკითხი, რაზეც საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ.

ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წევრობის გარეშეც ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში – ჩვენ გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი წვრთნა, გვყავს უფრო დიდი წარმომადგენლობა საქართველოში, ვიდრე ოდესმე გვყოლია. ეს არის კარგი საქართველოსთვის და ასევე ნატო-სთვის. ასე რომ, სრულუფლებიანი წევრობის გარდაც, ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

წყარო:1tv.ge