საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ა.წ. 11 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, დოქტორი სელიმ არღუნი, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქ-ნი ფატმან ჯერენ იაზგანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე.
ქართული მხარის მიერ გამოიხატა მადლიერება ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის გამო და გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ სამუშაოებში თურქეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ჩართულობას.
,,საქართველო ჩვენთვის არა მხოლოდ მეზობელი და მეგობარი, არამედ ნათესავია. პირადად მე ბებიის მხრიდან ქართული წარმოშობა მაქვს. თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ არამხოლოდ საქართველოსთვის და ქართველებისთვის ბრძანდებით მნიშვნელოვანი პიროვნება, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.” – განაცხადა თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილემ. ბ-ნმა სელიმ არღუნმა დასძინა, რომ საქართველოში მუსულმანები თავს დაცულად გრძნობენ და საკუთარ რწმენას დაუბრკოლებლად აღიარებენ. მისივე განცხადებით, ანალოგიური ვითარებაა თურქეთში ქრისტიანებთან მიმართებაში.
მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ,,არ არსებობს საკითხი, რომელიც ვერ მოგვარდება, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ძმური სიყვარულით გადავწყვიტოთ პრობლემები”.
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა მადლიერებით აღნიშნეს თურქეთის ელჩის, ქ-ნ ფატმან ჯერენ იაზგანის დამსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საქმეში.
შეხვედრის დასასრულს მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა სურვილი და მზაობა მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისა.