პოლიტიკა
ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარი, მეზობელი და პარტნიორია - ილჰამ ალიევი

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ, ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტისა და პრეზიდენტთან შეხვდრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის პარტნიორობაზე ისაუბრა.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხალხთაშორის კავშირებზეც გაამახვილა ყურადღება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პირველი ვიზიტის აზერბაიჯანში გამართვა შემთხვევითი არ არის. „პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის, რამეთუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.