პოლიტიკა
შავ ზღვაზე რუსეთის შეკავების ფარგლებში საქართველოსთვის დახმარებაა გათვალისწინებული - RAND Corporation-ის ანგარიში

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ანალიტიკურ ცენტრ RAND Corporation -ის ანგარიშში, შავ ზღვაზე რუსეთის შეკავების ფარგლებში საქართველოსთვის დახმარებაა გათვალისწინებული.

ანალიტიკური ცენტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ, შავი ზღვის ფლოტის განახლებამ და სამხრეთ სამხედრო ოლქში ძალების გაფართოებამ, რეგიონში მოსკოვის ბერკეტები გააძლიერა, რომლის მიზანი მეზობლების დაუცველად დატოვებაა, რომ რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური და მავნებლური გავლენა შეუფერხებლად განხორციელდეს.

RAND Corporation -ის ანგარიშის თანახმად, დასავლეთის პასუხი ბულგარეთსა და რუმინეთში თანამედროვე საჰაერო და სანაპირო თავდაცვის სისტემების განთავსება, ნატო-ს წვრთნების გაფართოება და უკრაინისთვის და საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა უნდა იყოს, რათა მათ ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება შეძლონ.

RAND Corporation 1948 წელს დაარსებული ამერიკული პოლიტიკური ინსტიტუტია, რომელიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს კვლევას და ანალიზს სთავაზობს. ორგანიზაციას აშშ-ის მთავრობა, კორპორაციები, უნივერსიტეტები და კერძო პირები აფინანსებენ.