უცხოეთი
იგორ დოლგოვი - „შტაინმაიერის ფორმულა“ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უკრაინაშია, რაც რუსულ აგრესიას ეხება

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. „შტაინმაიერის ფორმულა“ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უკრაინაშია, რაც რუსულ აგრესიას ეხება, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა.

„ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ის იყო ჩართული მინსკში, ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკებების პროცესში. ეს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევაა და გთხოვთ, გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს ნუ დაუკავშირებთ მის სახელს ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას. გთხოვთ გესმოდეთ, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უკრაინაშია, რაც რუსულ აგრესიას ეხება. „შტაინმაიერის ფორმულა“ სრული ვითარების მხოლოდ ერთი ნაწილია. რაც ახლა განიხილება, მხოლოდ ერთი, პატარა ნაწილია სრული ვითარების. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და გთხოვთ, გესმოდეთ, რომ ასეთი საკითხების მომზადება მოითხოვს ძალიან მშვიდ, ფრთხილ და არასაჯარო მუშაობას, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი ცნობილი არ იქნება, ვიდრე ნორმანდიული ოთხეულის სამიტი არ შედგება“, – აღნიშნა დოლგოვმა.

ეს განცხადება საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა ათონელის რეზიდენციასთან გააკეთა, სადაც გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში ხვდებიან. შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებია დაგეგმილი. პრეზიდენტები ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებენ.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არჩევნების ჩატარებისა და დონეცკისა და ლუგანსკის ზოგიერთი რაიონისთვის „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭების პირობებზე დავა გრძელდება. ვნებათაღელვას იწვევს ფორმულა, რომელიც გერმანიის პრეზიდენტმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შეიმუშავა. როგორც 2 ოქტომბერს გახდა ცნობილი, უკრაინა ამ ფორმულის შესრულებას წერილობით დათანხმდა, რასაც კიევსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მომიტინგეებმა უკრაინის ხელისუფლებას კაპიტულაციასა და დონბასის რუსეთისთვის გადაცემაში დასდეს ბრალი.

1tv.ge