აქტუალური
საქართველოს და უკრაინას ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის გამოსვლის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოში რუსული დელეგაციის წევრი ალექსანდრ ბაშკინი ირწმუნება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის პეტრ ტოლსტოის სიტყვით გამოსვლის ჩაშლის მცდელობის უკან უკრაინა და საქართველო დგანან.

ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინისა და საქართველოს დელეგაციების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი, რომ რუსეთმა იმუშაოს ასამბლეაში“, - განაცხადა ბაშკინმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების გამო, სასესიო დარბაზში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც ორგანიზაცია დემოკრატიული ფასეულობებიდან გადახვევაში დაადანაშაულეს.

როგორც კი რუსეთის დუმის დეპუტატმა პეტრ ტოლსტოიმ გამოსვლა დაიწყო, აქტივისტებმა უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოფინეს და უკმაყოფილება გამოხატეს ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ყოფნის გამო.

დაცვამ აქციის მონაწილეებს ჯერ დარბაზი დაატოვებინა, შემდეგ კი ევროპის საბჭოს შენობა. აქციაში მონაწილეობდნენ უკრაინელები, პოლონელები და ყირიმელი თათრები.